ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტი და სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ინიციატივა მეორე მოსმენით განსახილველად წარადგინა და აღნიშნა, რომ კანონპროექტში, ძირითადად, რედაქციული ხასიათის ჩასწორება მოხდა. სწორედ ამის გათვალისწინებით დაუჭირა კომიტეტმა მხარი კანონპროექტს.
მომხსენებელმა ასევე განმარტა, რომ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა ეხება პენსიების ინდექსაციას.
წარმოდგენილი კანონპროექტით რეგულირებული ხდება, თუ როგორ უნდა დაანგარიშდეს ყოველწლიურად პენსიის მოცულობა.
პირველად კანონმდებლობაში იქნება ის ძირითადი დებულებები, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემუშავების დროს მთავრობა ვალდებული იქნება გაითვალისწინოს პენსიის ყოველწლიურად ზრდის მექანიზმები, შესაბამისად, გათვალისწინებულია როგორც ინფლაციის მაჩვენებელი იმისათვის, რომ ფასების ზრდა იყოს გადაზღვეული, ასევე გათვალისწინებულია 70 და მეტი ასაკის პენსიონერთათვის ეკონომიკური ზრდის 80%-ით მოხდეს დამატებით პენსიის ზრდა. ამასთან პენსიის მინიმალური ზრდა იქნება არანაკლებ 20 და 25 ლარისა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.
imedinews.ge