ჩინეთის დედაქალაქის, პეკინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქალაქში დაბრუნებული ყველა ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მათთვის, ვინც რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული. პეკინის მოსახლეობა 20 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა იაპონიაში. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.
კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
imedinews.ge