ჩინეთის დედაქალაქის, პეკინის რამდენიმე უბანი ჩაიკეტა და მხოლოდ ადგილობრივებს შეუძლიათ გადაადგილება. შეწყდა სატრანსპორტო მომსახურება, კვლავ დაიხურა ბაზართან ახლოს მდებარე სკოლები, საზოგადოებრივი სივრცეები და ხელოვნების ეროვნული ცენტრი. ამ დროისთვის ქალაქის უდიდეს სასურსათო ბაზრობასთან სამხედრო პოლიციის ასობით თანამშრომელია მობილიზებული, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სავაჭრო ობიექტში, რომელზეც პეკინში რეალიზებული ბოსტნეულისა და ხორცის 80% მოდის, 45 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ეს მას შემდეგ, რაც ქალაქში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
საბითუმო ბაზარში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. მათი გამოკვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.
Imedinews