ოქროს მედლებისა და ომიკრონის გარდა, მომავალ თვეში ჩინეთის დედაქალაქში ჩასულ სპორტსმენებს შეიძლება კიდევ ერთი რამ აწუხებდეთ: არის თუ არა ინტერნეტის მოხმარება უსაფრთხო?
4 თებერვალს დაწყებული ოლიმპიადის დროს პეკინი მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს ინტერნეტზე ნაწილობრივ შეუზღუდავ წვდომას ჰპირდება, მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
ჩინური კომპანიები, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან მონაცემების შეგროვებაში, მეთვალყურეობასა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ სპონსორებსა და მომწოდებლებს შორის არიან.
ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ზოგიერთ ჩინურ კორპორაციას, მათ შორის, Huawei Technologies-სა და Iflytek-ს, თვალთვალში ადანაშაულებენ. კომპანიები ამ ბრალდებებს უარყოფენ, მაგრამ კიბერუსაფრთხოების კონსულტანტები ამბობენ, რომ ეს სისტემები ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენებს ისევე მოაქცევს მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც ეს ჩინეთის მოქალაქეების უმეტესობის მიმართ ხდება.
მოსალოდნელ რისკად განიხილება Wi-Fi-ს გამოყენება კომუნიკაციების გასაკონტროლებლად ან თუნდაც პერსონალურ მოწყობილობებზე მავნე პროგრამების დასაყენებლად. ამით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემდგომი თავდასხმისთვის მოიპოვონ წვდომა სპორტსმენების კონტაქტებზე როგორც სპორტის, ასევე პოლიტიკის სფეროდან.
ამ საკითხს სერიოზულად სულ უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს. ავსტრალია, ბელგია, ნიდერლანდები და კანადა იმ დელეგაციებს შორის არიან, რომლებიც სპორტსმენებს ურჩევენ, არ დაუკავშირდნენ Wi-Fi ქსელებს და არ გამოიყენონ სმარტფონები, თუ ეს შესაძლებელია. შეერთებულმა შტატებმა ასევე გააფრთხილა ამერიკელი სპორტსმენები, რომ მათი მოწყობილობები ასევე შეიძლება დააზიანონ მავნე პროგრამული უზრუნველყოფით, რასაც მომავალში შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.
პეკინის ოლიმპიადის კომიტეტმა სპორტსმენებისთვის მიცემული რჩევები უარყო და უსაფუძვლო უწოდა.
წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"