„პაშა ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ შურღაიასთან

„პაშა ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზ შურღაიასთან

access_time2021-04-29 11:00:32

„პაშა ბანკ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება. ნიკოლოზ შურღაია, წლებია საქართველოს და აზერბაიჯანის საბანკო სექტორში მოღვაწეობს, 2015-2016 წლებში ის „პაშა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნიკოლოზ შურღაიამ „პაშა ბანკის“ სამომავლო გეგმებზე, საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

 

-„პაშა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გენერალურ დირექტორად დაინიშნეთ, რა გზა გაიარეთ აქამდე და რა არის თქვენი მთავარი მიზანი ახალ თანამდებობაზე?

 

-„პაშა ბანკი“ ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი ორგანიზაციაა. ბოლო რვა წელი აზერბაიჯანში ვიმუშავე, სადაც პაშა ჰოლდინგის ყველაზე დიდი ჯგუფია, რომელიც არა მხოლოდ საფინანსო არამედ სხვა სექტორებშიც მოღვაწეობს. ასევე, პაშა ბანკ საქართველოში 2015-2016 წლებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი. ამ ეტაპზე „პაშა ბანკის“ გენერალურ დირექტორად დავინიშნე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკიდან ველით სათანადო ნებართვას.

 

მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ერთის მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ ნოემბრიდან საქართველოში დავბრუნდი. მეორე მხრივ, საპატიოა რთულ ეკონომიკურ პერიოდში ბანკის ხელმძღვანელობა. სამშობლოში უცხოური საბანკო ინსტიტუტის ხელმძღვანელობა კი ორმაგად საინტერესო და საპატიო მგონია. ამასთან, საშუალება მეძლევა, რომ მუშაობის პირდაპირ ეფექტებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებითაც შემიძლია ვიყო სასარგებლო, მათ შორის, გარშემო მყოფ ადამიანებს დავეხმარო განვითარებაში.


ჩვენი მიზანია, რომ ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდა მენეჯერებს, რომლებიც მრავლად არიან ბანკში, განვითარებაში ხელი შევუწყოთ და ეს ძლიერი გუნდი ძალიან წარმატებულად ვაქციოთ. მინდა, რომ დავნერგო ის ხედვა, რაც უცხოეთში შევიძინე და გუნდთან ერთად ჩვენს  ქართულ ფესვებს შეურწყა. ბანკმა როგორც ერთიანმა  მანქანამ  უნდა იმუშაოს როგორც თავის აქციონერებისთვის, ასევე კლიენტებისთვის, თავად გუნდისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.


ჩვენთვის კომერციული გამოწვევაა ის, რომ ბანკი გაიზარდოს, მასშტაბით უფრო დიდი გახდეს, რადგან წარმატებისთვის ზომა გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა იყოს ფინანსურად ეფექტური.

 

-რა არის დღეს მთავარი გამოწვევები, რომლებიც საქართველოს საბანკო სექტორის წინაშე დგას?

 

-დღევანდელი რეალობაა, რომ საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა ლამაზი ბუნებით და განვითარების პოტენციალით. ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას მეტი განათლება და უზარმაზარი შრომა სჭირდება. ბოლო წლის მანძილზე ჩვენი ეკონომიკა შემცირდა. ასევე,საკმაოდ მაღალია ეკონომიკური სუბიექტების, ფიზიკური პირების და საწარმოების დავალიანების დონე. პანდემიის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე ძლიერია რადგან ტურიზმს დიდი როლი ჰქონდა ქვეყნის განვითარებაში და ის პრიორიტეტულ მიმართულებად იყო მიჩნეული. გარდა ამისა, საკმაოდ გაზრდილია რეგულაციები.


ბანკებს დიდი როლი ეკისრებათ, როგორც ეკონომიკის ძირითად კრედიტორებსდა დანაზოგების შემნახველებს. გაჭირვების ჟამს ლიდერობა მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს.საჭიროა, რომ იყოს მხნეობა, იყოს მომავალზე ფიქრი და წინსვლა. ქვეყანაში განვითარება მუდამ უნდა გაგრძელდეს და გარემო ფაქტორებზე არ უნდა გავხდეთ დამოკიდებულნი. კარგს არ მოგვიტანს, რომ ველოდოთ როდის დამთავრდება ესა თუ ის კრიზისი. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ.


ამ შემთხვევაში სექტორის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ბანკები თავისი კლიენტებისთვის მუდამ დარჩნენ სასარგებლო, მათი საიმედო პარტნიორი და დავეხმაროთ ეკონომიკას რთული პერიოდის გადალახვაში.

 

-როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად უმკლავდება ეროვნული ბანკი კრიზისის პერიოდში არსებულ გამოწვევებს და როგორ შეაფასებდით მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს (SWAP გარიგებები, კონსერვაციის ბუფერისა და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის გაუქმება, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება) კომერციული ბანკების დასახმარებლად?

 

-ბევრ ქვეყანაში ვიმუშავე და სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკები მინახავს და მუდამ ვადევნებ თვალს საერთაშორისო ბაზრებს. მგონია, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკი ჩვენს ფართო რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. შეიძლება ჩემი აზრი ბევრისგან განსხვავებული იყოს, მაგრამ მე ფიზიკური პირების საკრედიტო რეგულაციების გამკაცრებას დადებითად ვუყურებ.ეს თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა ჩვენი ეკონომიკის მდგრადობისთვის გააკეთა. ეს რომ არ გაკეთებულიყო დღეს უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ვიქნებოდით. რა თქმა უნდა,ამ ნაბიჯსაც ჰქონდა უარყოფითი მხარე, მაგრამ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ფოკუსი არა მოხმარებაზე, არამედ  დაზოგვაზე და განვითარებაში ინვესტირებაზე. ქვეყნის წარმატების მთავარი ფაქტორები არის განათლება, რომ მას ჰყავდეს განათლებული მოსახლეობა და ჰქონდეს დინამიური ეკონომიკა, რაც მიიღწევა მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციებით, სამართლიანი სასამართლოთი და ეკონომიკური თავისუფლების ოპტიმალური დონით. ჩემი აზრით, იმაზე მეტის ხარჯვა ვიდრე შოულობ გრძელვადიან პერიოდში დამღუპველია.


სასურველია, რომ მოხმარებისგან მაქსიმალურად ინვესტირებისკენ გადავერთოთ, ანუ ადამიანებმა მეტად დაზოგონ ფული და დააბანდონ სხვადასხვა შემოსავლიან საქმიანობაში. ფულის სესხება უმჯობესია რაღაცის შექმნისთვის, რომელიც მერე შედეგს მოიტანს, ვიდრე იმისთვის, რომ დღეს მოვიხმაროთ.


 

-რე|ბანკი - ახალი საცალო საბანკო მომსახურებაა, ხომ არ იქნება ის უფრო  მეტად პრიორიტეტული ვიდრე ბიზნესის დაკრედიტება რაზეც „პაშა ბანკი“ მუშაობს?

 

-ჩვენთვის ორივე მხარე ძალიან პრიორიტეტულია, ბიზნეს ბანკინგი ბევრად უფრო დიდია და ეს დარჩება ბანკის  ძირითად მამოძრავებელ ძალად. ამიტომ, ბანკი ორიენტირებულია ბიზნესზე. პაშა ბანკის პორტფელში არაერთი ძლიერი კომპანიაა და ჩვენ ამ მიმართულებას აუცილებლად გავაძლიერებთ. რე|ბანკი ჩვენი ახალი ნაწილია და შედარებით მცირე, თუმცა პერსპექტიული. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რე|ბანკის პროდუქტები გახდეს უფრო საინტერესო და ეფექტური ჩვენი მომხმარებლებისთვის.

 

-აზერბაიჯანული კაპიტალი „პაშა ბანკში“, რა გავლენას ახდენს ეს და არის თუ არა საქართველოში არსებული აზერბაიჯანული კომპანიების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა თქვენი ბანკის ბიზნესს სესხებზე?

 

-აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენი ეკონომიკები მნიშვნელოვანწილად გადაჯაჭვულია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობპროექტმა, რომელსაც აზერბაიჯანში საუკუნის პროექტს ეძახიან,ორივე ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოსათვის უფრო საინტერესო გახადა. ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას აქვს საქართველოში გაკეთებული ინვესტიცია და იმედი მაქვს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წლიდან წლამდე განუხრელად გაიზრდება.


„პაშა ბანკი“ ყველა საწარმოსთან და ფიზიკურ პირთან ვინც საქართველოშია ერთნაირად მუშაობს და ეროვნული წარმოშობის მიხედვით არანაირი პრიორიტეტი არ არსებობს, ჯერჯერობით დეტალები არ ვიცი, მაგრამ არმგონია, რომ საქართველოში მომუშავე აზერბაიჯანული კომპანიები მხოლოდ ამ ბანკთან თანამშრომლობდნენ. პაშა ბანკს აქვს თავისი ძლიერი მხარეები,რაც მიმზიდველია როგორც ქართული ისე უცხოური კომპანიებისთვის. შესაბამისად, მგონია, რომ ბანკის სესხებით ყველა ტიპის კომპანიები ისარგებლებენ.

 

-წლების განმავლობაში აზერბაიჯანულ ბანკს ხელმძღვანელობდით, რა განსხვავებაა ქართულ და აზერბაიჯანულ საბანკო სექტორს შორის?

 

-საქართველოს საბანკო სექტორი იმით განსხვავდებოდა, რომ აქ ყველა ბანკი კერძო იყო, არ იყო საბანკო სექტორში სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ბანკი. გარდა ამისა საქართველოს საბანკო სექტორმა, მისი ფორმირების წლებში, უცხოელი პარტნიორებისგან - ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან და ბევრი სხვა საქართველოს მეგობარი ქვეყნისგან და ორგანიზაციისგან დიდი დახმარება მიიღო. 90-იანი წლებიდან დაწყებული საბანკო სექტორი მიმზიდველი და საინტერესო იყო სტუდენტებისათვისაც. შესაბამისად აქ თავი მოიყარა ბევრმა ტვინმა, რომლებმაც აითვისეს ცოდნა, რაც უცხოელებისგან მივიღეთ. სახელმწიფოც, განვითარების ყველა ეტაპზე, ხელს უწყობდა სექტორის განვითარებას, იცავდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და კანონმდებლობაც საკმაოდ ეფექტური გქვონდა. ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიღო კარგი ნაყოფი წლების მანძილზე - საბანკო სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდა. საქართველოში ბევრი კარგი ბანკირია, ბანკები ფინანსურად მდგრადია და  არის  საკმაოდ ძლიერი კონკურენცია. ტექნოლოგიური განვითარების ხარისხიც მაღალია. ორი ბანკი შედარებით  დიდია, მაგრამ სხვებთანაც  ვხედავ  წინსვლას და პერსპექტივას. იმედი მაქვს, რომ  ჩვენი სექტორი  ეფექტურად გააგრძელებს განვითარებას. ამავე დროს, საქართველოს საბანკო სექტორის რეგიონის სხვა ქვეყნებზე უფრო სწრაფი განვითარების სიჩქარე სამუდამოდ გარანტირებული არ არის.


აზერბაიჯანში იყო და არის ერთი ძალიან დიდი სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ბანკი. ასეთი დიდი კონკურენტის არსებობა უფრო აძნელებდა სხვების განვითარებას.გარდა ამისა, აზერბაიჯანში ბევრი დიდი სამრეწველო კომპანიაა, რომლებიც ბანკებზე მეტად იზიდავდნენ პროფესიონალებს. ჩემი იქ მუშაობის მანძილზე შევესწარი აზერბაიჯანის საბანკო სექტორის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და ამ პროცესში რამდენიმე ბანკმა დაიწყო სწრაფი განვითარება. ერთ წელზე მეტია საბანკო რეგულირება დაბრუნდა აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკში, რომელიც ძლიერი ინსტიტუტია და მგონია, რომ სექტორის განვითარებას კიდევ უფრო დააჩქარებს.

 

-კონკურენცია ახსენეთ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო ბაზრის უდიდესი წილი ორ კომერციულ ბანკს უჭირავს, რამდენად კონკურენტულია დღეს ეს სექტორი და რა მეთოდებით გეგმავთ კონკურენტებთან გამკლავებას? რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

 

-„პაშა ბანკი“ ძალიან  სტაბილური მოთამაშეა, ის თანმიმდევრულად ვითარდება და მგონია, რომ  სტაბილურობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გამოარჩევს. ვართ და ვიქნებით ჩვენი კლიენტების მდგრადი და საიმედო  პარტნიორი. პაშა ბანკი არის ძალიან კარგად კაპიტალიზებული და ჯერჯერობით მოზიდული სახსრების მოცულობა შედარებით მცირეა და ბანკი დიდწილად თავის საკუთარი ფულით მუშაობს.

 

პატარა ბანკობა ადვილი არ არის, რადგან მასშტაბის ეფექტის უქონლობა აძნელებს კონკურენციას დიდ მოთამაშეებთან. მათთვის უფრო ადვილია, თანამშრომლებს მეტი ფული გადაუხადონ, მეტი  დახარჯონ მარკეტინგში, მეტი ინვესტიცია გააკეთონ საინფორმაციო ტექნოლოგიებში.  ამავე დროს, პატარა ზომას აქვს  გარკვეული უპირატესობები. ჩვენ გვინდა ეს გამოვიყენოთ, რომ ვიყოთ მობილურები, ისე ავაწყოთ ჩვენი ტექნოლოგიები და ბიზნესი, რომ სწრაფად მოვახდინოთ კლიენტების სურვილებზე და ბაზრის ტენდენციებზე რეაგირება, ახლოს  ვიყოთ კლიენტებთან.

 

-2020 წელი „პაშა ბანკმა“ ზარალით დაასრულა, რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე წლისთვის?

 

-პანდემიიდან გამომდინარე წელს რთული წელი იქნება. ზოგადად  ეკონომიკას  დასჭირდება  დრო, რომ დადგეს იქ, სადაც ჩვენ გვინდა.  აქედან გამომდინარე  წლევანდელ  წელს  მოგების მიღებას  არ  ვგეგმავთ, მაგრამ გვინდა, რომ სტაბილურები ვიყოთ და  წაუგებლობასთან ახლოს  დავრჩეთ. ბიუჯეტში  ზარალი გვაქვს გათვალისწინებული, მაგრამ გვაქვს დიდი შინაგანი  ამბიციაა, რომ  ჩვენმა აქციონერებმა ფული არ  დაკარგონ. ჯერ არ დამიწყია მუშობა, მაგრამ ბევრი საინტერესო მომავალი თანაგუნდელი გავიცანი, ვნახე, რომ ბანკს დაწყებული აქვს მუშაობა რამდენიმე საინტერესო ტექნოლოგიურ პროექტზე და პროდუქტების სრულყოფაზე, რაც ჩვენს კლიენტებს მოეწონებათ. შედეგად, ფრთხილი ოპტიმიზი  მაქვს, რომ მიმდინარე წელს  წაუგებლობასთან ახლოს დავასრულებთ.

 

-როგორია ლარის კურსის გაუფასურების გავლენა საბანკო სექტორზე და როგორია თქვენი შეფასება, რა იწვევს მის ასეთ რყევებს?

 

-ვალუტის კურსი არის  ეკონომიკის  მდგომარეობის  სარკე. ჩვენ გვაქვს საკმაოდ გახსნილი ეკონომიკა და მცურავი სავალუტო კურსი. შესაბამისად, ის  სირთულეები რაც ეკონომიკაში არსებობს ლარის კურსზე აისახება. ეროვნულ ბანკს საკმაოდ დიდი რეზერვები აქვს. ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წყალობით პანდემიის პირობებში ჩვენ მნიშვნელოვნად შევივსეთ ეს რესურსები და ეროვნული ბანკი მას პერიოდულად ხარჯავს, რომ ლარის სტაბილურობა შეინარჩუნოს.

 

გასათვალისწინებელია, რომ საბანკო სექტორი ლარის კურსის დასუსტებას ბიზნეს  სექტორზე უფრო მტკივნეულად განიცდის. ბანკების კაპიტალი მთლიანად ლარით არის ფორმირებული და მათ კაპიტალის დასაცავად არანაირი მექანიზმები არ აქვთ.  შესაბამისად, ლარის გაუფასურებასთან ერთად  მისი  ლარებში ჩადებული კაპიტალიც უფასურდება.

 

ამავე დროს, თუ  ეკონომიკური მოვლენები  იწვევს ვალუტის კურსის  დასუსტებას არასწორია შევეცადოთ მის შენარჩუნებას სავალუტო რეზერვების გადამეტებული ხარჯვით. თამამად ვიტყვი, რომ ლარის დასუსტების მიზეზი ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში არ უნდა ვეძებოთ.

 

-არსებობს მოსაზრება, რომ ბირჟა, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო, საქართველოში სწორედ იმიტომ ვერ განვითარდა, რომ ინტერესთა კონფლიქტია კომერციული ბანკების მხრიდან...

 

-რამდენიმე წელია საქართველოს საფონდო ბირჟის  დამოუკიდებელი წევრი ვარ და მსოფლიოს კაპიტალის ბაზრებსაც საკმაოდ ვიცნობ. საფონდო ბირჟასა და ბანკებს შორის ინტერსთა  კონფლქტი  არავითარ კავშირში არ არის ბირჟის შედარებით სუსტ განვითარებასთან. პირიქით, ბანკები დიდწილად ეხმარებიან ბირჟას ჩვენს რეალობაში.


დიდი და ძლიერი საფონდო ბირჟები უმეტესწილად დიდ და მდიდარ ქვეყნებში არსებობს. გავიმეორებ, რომ საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა. ამის მიუხედავად, ჩვენს საფონდო ბირჯას აქვს განვითარების პოტენციალი და იმედი მაქვს ის მეტად იქნება რეალიზებული მომავალში.


ვისურვებდი, რომ სავალო ფასიან ქაღალდებში ადგილობრივ ინვესტორთა შემოსავალი არ იბეგრებოდეს  რამდენიმე წლის მანძილზე. ამით, დაბეგვრის კუთხით სავალო  ფასიანი  ქაღალდები ისეთივე  მიმზიდველი  გახდება ინვესტორთათვის როგორც  საბანკო დეპოზიტები. არ მგონია, რომ ბანკებისთვის სახიფათო იქნება ფასიანი ქაღალდების პოპულარობის ზრდა და გარკვეულწილად დეპოზიტების ალტერნატივის გაჩენა. ფასიანი ქაღალდებიდან შემოსავლის დაბეგვრისგან გათვისუფლება ბიუჯეტისთვისაც არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი. ფასიანი ქაღალდების საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა წაახალისებს ფასიან ქაღალდებში სახსრების დაბანდების კულტურის ჩამოყალიბებას. გამეხარდა გაგება, რომ იგეგმება სამეწარმეო კანონის ცვლილება, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმაც შესძლონ სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვება. რა თქმა უნდა, სხვა ღონისძიებებიც იქნება საჭირო ინვესტირების კულტურის და შესაბამისი ინსტიტუტების განვითარებისთვის და იმედი მაქვს ამ მიმართულებითაც გაგრძელდება მუშაობა.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up