“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ და სხვებმა პარლამენტთან სტენსილების დახატვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და 2 პირი დააკავა. პროტესტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრას უკავშირდება.
ელენე ხოშტარიამ, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ და აქტივისტებმა, თავდაპირველად, სტენსილები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დატოვეს. მათ ადგილზე ნამგალი და ურო დახატეს.
მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დროებით აღმართულ რკინის ბარიკადებზე სცადეს ამავე შინაარსის სტენსილების დახატვა. ბარიკადებთან მალევე განლაგდნენ პოლიციელები და პროტესტის მონაწილეებს ხელი შეუშალეს.
ადგილზე მოხდა გაწევ-გამოწევაც, რა დროსაც, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
“[ეს არის] აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი “ქართული ოცნების” მხრიდან ფაქტობრივად გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ…. როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი.
აქ, დროებით კედელზე ვაწერთ “20%”, რუსულ საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. არაფერი ახალი არაფერი არ არის. პროტესტს ვერ გააჩერებენ”, – უთხრა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.
netgazeti.ge