პარლამენტი კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით ზომებს იღებს. მედიის წარმომადგენლების შეშვება საკანონმდებლო ორგანოში აიკრძალა. რესპონდენტების ჩაწერას და კომენტარების გავრცელებას პარლამენტის პრესსსამსახური უზრუნველყოფს.
მას კითხვებს მედიასაშუალებების წარმომადგენლები ონლაინრეჟიმში მიაწვდიან. კომიტეტები და პლენარული სხდომა კი ტრადიციულად პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge