ეკონომიკის დოქტორი, რატი აბულაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პარლამენტი არის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც სახელმწიფოს ფორმირების ძირითადი პლატფორმაა. შესაბამისად, თავის მნიშვნელობიდან გამომდინარე დედაქალაქში უნდა იყოს დაფუძნებული.
„მისასალმებელია, რომ პარლამენტი, რომელიც დედაქალაქიდან ქუთაისში გადავიდა 2012 წელს, კვლავ დედაქალაქში დაფუძნდება 2019 წლის პირველი იანვრიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, პარლამენტს იმერეთის რეგიონისთვის გააჩნდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ფასეულობა.
ქუთაისში პარლამენტის არსებობით, გაიზარდა:
— რეგიონის პრობლემების შესახებ ინფორმირების დონე. პარლამენტარები თბილისი-ქუთაისში სიარულით კარგად ეცნობიან საზოგადოების პრობლემებს, მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ხალხის ხმას და საჭიროებას (პრობლემები კი ყველა რეგიონში ერთნაირია);
— ინვესტორების ინტერესი ქალაქისადმი;
— ქალაქის იმიჯი;
- ქალაქის კონკურენტული უპირატესობა;
— რეგიონის როლი და მნიშვნელობა. მე, მხოლოდ სუბიექტური თვალსაზრისით მივესალმები პარლამენტის იმერეთში არსებობას;
ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს ძლიერებისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო (პარლამენტი და მთავრობა) იყოს დედაქალაქში. სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტები კი უფრო უმჯობესია თუ რეგიონებში იქნება განთავსებული.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობას ზრდის არა შენობა-ნაგებობი არამედ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს რესურსი . არსებითია ითქვას, რომ რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა, სამთავრობო პროგრამები, საინვესტიციო შესაძლებლობები, ადგილობრივი საზოგადოების აქტივიზაცია და მათი რესურსის აქტიურად გამოყენება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2012-2017 წლებში იმერეთის რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მერყეობდა მხოლოდ 26 მლნ-დან 60 მლნ-მდე. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 2012 წელს შეადგინა 40 მლნ დოლარი, 2013 წელს - 59 მლნ, 2014 წელს - 28 მლნ, 2015 წელს -26 მლნ , 2016 წელს - 28 მლნ, ხოლო 2017 წელს 60 მლნ დოლარი. მცირეა მთლიანი დამატებული ღირებულების მოცულობის ზრდაც, რომელიც 2012 წელს იყო 2 660,4 მლნ ლარი, 2013 წელს - 2 670,4 მლნ, 2014 წელს - 2 685,2 მლნ, 2015 წელს - 2 940,05 მლნ, 2016 წელს - 3 074,1 მლნ ლარი.
მთავარი არ არის პარლამენტარების მიერ მხოლოდ ხალხში სიარული და პრობლემების მოსმენა, მთავარია მათ მიერ წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრის გზები და შესაძლებლობები. განსაკუთრებით მიკრო და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით.
მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობაზე მეტად უფრო უმჯობესია აქცენტები გაკეთდეს :
— საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტების მუშაობაზე;
- ინიცირებულ თუ უკან გაწვეულ კანონებზე;
- საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად შედეგებზე;
- საზოგადოებაში, ხელისუფლების წარმომადგენლებზე გაჩენილ კითხვებზე ადეკვატურ რეაგირებაზე (პარლამენტის პრეროგატივაა საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი).
პარლამენტი მართვის ფორმირებისა და კონტროლის ძირითადი პლატფორმაა. თუმცა, საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტები, რომელიც თავის უფლებამოსილებას ეფექტიანად ვერ ახორციელებენ, არსებითად მნიშვნელობა არ აქვს სად იჯდება ქუთაისში თუ თბილისში.
ჯამში აღვნიშნავ, რომ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას ასახავს არა ადმინისტრაციული შენობები, არამედ პოლიტიკური არქიტექტურა, ეკონომიკური პოლიტიკა, მმართველობითი რესურსი და შედეგებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამები,“-განმარტავს აბულაძე.
ავტორი: სოფო ქსოვრელი