პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სახელმწიფო საწარმოების მართვის სტანდარტების ეფექტიანობას შეისწავლის და შედეგად, რეკომენდაციებს მოამზადებს.
შესაბამისი ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, რაც თავის მხრივ, კომიტეტმა ცნობად მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ინიცირებულ საკითხზე საკომიტეტო მოკვლევა ჩატარდება.
როგორც სონღულაშვილმა განაცხადა, მოკვლევის ჯგუფში იქნებიან დეპუტატები: ნინო წილოსანი, კახა კუჭავა, გიორგი ხატიძე, ცოტნე ზურაბიანი, ლევან კობერიძე და თავად დავით სონღულაშვილი.
"საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ეკონომიკური სუბიექტების, საწარმოების არსებობისა და სხვა ინდუსტრიაში მათი საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა. ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სახელმწიფოს პოლიტიკას და მიდგომას სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების, კომერციული იურიდიული პირების მიმართ.
"მეწარმეთა შესახებ" კანონი განსაზღვრავს საწარმოთა მართვის სტანდარტებს, თუმცა ეს სტანდარტები ძალიან დაბალია და არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს. აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ აქტიურად ვერ მიმდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ პროექტზე მუშაობა, ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად და სახელმწიფოს საწარმოებზე მკაფიო პოლიტიკისა და მართვის სტანდარტების ჩამოსაყალიბებლად, მნიშვნელოვანია საკომიტეტო მოკვლევის მექანიზმის გამოყენებით შესწავლილ იქნას სახელმწიფო საწარმოთა მართვის დღეისთვის არსებული ვითარება და შემუშავებულ იქნას შესაბამისი რეკომენდაციები", – განმარტა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2018 წელს, პროგრამის მეორე მიმოხილვაში, საქართველოში ორი ფისკალური რისკი დაასახელა და ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებია. ფონდი აღნიშნავს, რომ მსგავსი საწარმოების ნახევარი თავიანთი ვალდებულებებიდან გამომდინარე მთავრობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენენ, მათი მთლიანი ფინანსური ვალდებულებები 2016 წლის ბოლოს მშპ-ს 12.8%-ს შეადგენდა, საწარმოების უმეტესობა კი მთავრობის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
BMG