პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც რვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მცირე,დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ხელახლა განსაზღვრასა და მათ დოზათა ნუსხაში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.
“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 1-ელ თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განიხილავენ. პროექტის განხილვა დაგეგმილია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.
საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. კრაკადილი), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. ექსტაზი), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.
პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული რვა ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე, ხოლო ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.
ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით.
“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით სერგეენკო, ალუდა ღუდუშაური, დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე.
ipn.ge