პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ისი-პარი“ სტრატეგიას ცვლის. როგორც „კომერსანტს“ „ისი-პარის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, რომ კომპანიის ახალი სტრატეგია ფილიალების გამსხვილებას გულისხმობს.
„ჩვენ ახალი სტრატეგია გვაქვს - გვინდა უბნებში იყოს ერთი, მაგრამ დიდი და ყველა ბრენდით დატვირთული მაღაზია. ვაკეშიც ერთი დიდი ფილიალი გავაკეთეთ. რაც შეეხება მარჯანიშვილს და აღმაშენებლის ტერიტორიას, ალბათ ტურისტების ნაკლებობამაც იმოქმედა, შესაბამისად აქაც ერთი დიდი მაღაზია დავტოვეთ“, - განმარტავს ხატია შამუგია.
როგორც ხატია შამუგია აღნიშნავს, პანდემიის დროს მაღაზიათა ქსელი ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა, რაც კომპანიაზე დადებითად აისახა.
„პანდემიას, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენთვისაც სხვადასხვა ეტაპი ჰქონდა. როცა მაღაზიები დაიკეტა მთელი აქცენტი ონლაინ გაყიდვებზე გაკეთდა. უშუალოდ ონლაინ გაყიდვების აკრძალვა ჩვენთვისაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ აღდგენისთანავე ეს რთული პერიოდი ონლაინ გაყიდვებმა გადაგვატანინა. რა თქმა უნდა, წინა წელთან შედარებით გაყიდვებმა იკლო, თუმცა 70-80%-ით მაინც ვმუშაობდით და უკმაყოფილოებიც არ ვართ“, - აცხადებს ხატია შამუგია.
კომპანია „ისი-პარი“ სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს და რეგიონების აქტიურად ათვისებას აპირებს.
„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით კონკრეტულ სიახლეებზე ვერაფერს ვიტყვით, არ ვიცით რა იქნება, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგია ზუგდიდში მაღაზიის გახსნაა. რეგიონების ათვისებას სერიოზულად ვგეგმავთ. სამეგრელოში ფილიალი არ გვაქვს, შესაბამისად ზუგდიდში ვფიქრობთ მაღაზიის გახსნას“, - ამბობს ხატია შამუგია.
კომპანია „ისი-პარი“ საქართველოში 1995 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის 19 პარფიუმერიული მაღაზიას აერთიანებს. მათ შორის - ქუთაისში, ფოთში, რუსთავსა და ბათუმში. სამომავლოდ კი „ისი-პარის“ ბრენდს ზუგდიდშიც ვიხილავთ.
ანი ცარციძე