კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია. შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი უკვე დაიწყო საქართველოში, სადაც უამრავმა ადამიანმა შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგა და ყოველგვარი სახსრების გარეშე დარჩა.
მსოფლიოში არსებული რეალური მდგომარეობა შეაფასა და კვლევის სახით წარადგინა გაერომ. კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგი გლობალურად სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობას ნახევარი მილიარდით გაზრდის.
გაეროსგან განსხვავებული აზრი აქვს უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანს, რომელიც აცხადებს, რომ ამ თემაზე დასმული ყველა კითხვა პოპულიზმი და მოცემულობის დრამატულ ფერებში დახატვაა.
„არასწორია იმ ყველაფრის იგნორირება რომელიც კეთდება უარყოფითი შედეგის შესამცირებლად. პანდემია გამოწვევაა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვისთვის, ასევე ეკონომიკისთვისაც. ეკონომიკური ტემპი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც შენელებულია. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვცდილობთ ბალანსი გავაკეთოთ ადამიანის დაცვასა და ეკონომიკას შორის. უპირველესი ადამიანის ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეა.გარკვეულწილად იქნება ეს პერიოდი ზიანის მომტანი თუმცა, ყველაფერი კეთდება, რომ ეს ზიანი იყოს მინიმალური.“-აღნიშნავს ნინო წილოსანი.
მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს პანდემიის დროს ქვეყანაში ბიზნეს სექტორის ფუნქციონირებას და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იდგმება გარკვეული ნაბიჯები სხვადასხვა ბიზნესს სექტორების დახურვასთან დაკავშირებით.
„მთელი სტრატეგია აწყობილია იმაზე, რომ ხელი შეგვეწყო სხვადასხვა საწარმოებისთვის თუ ბიზნეს ობიექტებისთვის, სადაც შესაძლებელი იყო დამატებითი თავდაცვის შემუშავებით არ გაჩერებულიყო მათი მუშაობა.ამასთანავე, ტურიზმის სექტორში საკმაოდ აქტიურად გადაიდგა ნაბიჯები, მთავრობა გეგმავს უახლოეს პერიოდში ეკონომიკური სტიმულირების და გაჯანსაღების გეგმა წარადგინოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად ხელს შეუშლის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის ზიანს.თუმცა, ის გარკვეული პერიოდი, რომელიც იზოლაციაში ვიქნებით, რა თქმა უნდა ნაწილი ადამიანებისთვის იქნება საკმაოდ რთული.“-აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევაში ნაჩვენებია, რომ მიმდინარე წელი ბოლო 30 წლის განმავლობაში გლობალური სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის პირველი შემთხვევა იქნება.
პანდემიის დასრულების შემდეგ დედამიწის 7.8-მილიარდიანი მოსახლეობის შეიძლება სიღარიბეში იცხოვროს. გაეროს პროგნოზით, გაღარიბების 40% აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანეს რეგიონში დაფიქსირდება, მესამედი კი აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვალების გაბათილება.
სპეციალისტების თქმით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ჯანმრთელობის კრიზისზე რთული იქნება და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამას, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბის დასრულებაა.
ნათია ლომიძე