პანდემიის პერიოდში, გამოსაწერად ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი სამედიცინო ინვენტარი აღმოჩნდა. გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნა პირბადეებზე, თერმომეტრებსა და ანტისეპტიკურ საშუალებებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
როგორც კომპანია Camex.ge-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი გიგა სეთურიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, კომპანიამ მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის სამედიცინო ინვენტარის გამოწერაზე სპეციალური ტარიფები შეიმუშავა.
„პირველი ორი თვე გამოწერების კრიტიკული ვარდნა სახეზე იყო. ონლაინ-გამოწერები დაახლოებით 70-80%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, ყოველ წელს ზრდის მაჩვენებლის მიუხედავად, წინა წლებთან შედარებით 2020 წელს გამოწერების რაოდენობა დაახლოებით 40%-ით დაეცა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენმა კომპანიამ მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც სამედიცინო დანიშნულების ტვირთს იწერდნენ, სპეციალური ტარიფი შეიმუშავა, რამაც მომხმარებლების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. შესაბამისად, გაიზარდა აქტივობა კლიენტებისგან,“ - განმარტავს გიგა სათურიძე.
Camex.ge-ში აღნიშნავენ, რომ პანდემიის პირობებში, შეზღუდული ავიაგადაზიდვების გამო, ავიაგადამზიდავმა კომპანიებმა ტარიფები 3-4-ჯერ გაზარდეს.
ავიაგადაზიდვები გადატვირთული იყო, ფრენები კი - შეზღუდული, შესაბამისად, ავიაკომპანიები პრიორიტეტს სხვა ტვირთების გადაზიდვას ანიჭებდნენ. ამასთან ერთად, ავიაგადამზიდავმა კომპანიებმა ტარიფები 3-4 -ჯერ გაზარდეს. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს არ შეცვალოს აქამდე არსებული ტარიფები და თითქმის ყველა ქვეყნის ტარიფი შევინარჩუნეთ. ამასთანავე, ხარისხის დონე ისევ მაღალია და ჩამოტანის დროც არ გაზრდილა. სერიოზული შეფერხება არცერთი ქვეყნიდან ჩამოტანაზე არ გვქონია.“ - აცხადებს გიგა სეთურიძე
ანი ცარციძე