მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, იანვრიდან მაისის ჩათვლით კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიო ტურიზმმა 320 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, მსოფლიო ტურიზმის მიმდინარე წლის დანაკარგები სამჯერ აღემატება იმ დანაკარგებს, რომელიც აღნიშნულმა ინდუსტრიამ 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს განიცადა.
იანვრიდან მაისის ჩათვლით მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 56%-ით შემცირდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რაც დაახლოებით 300 მილიონ ვიზიტორს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge