ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა არა მხოლოდ პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ 2019 წელთან შეადრებითაც. ბიზნესგარემოს საგარეო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესება, წარმოების ზრდა და რეკორდული ფინანსური ტრანზაქციები უცხოეთიდან - ეს ის ფაქტორებია, რამაც წინა თვეში ეკონომიკა მაღალი ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.
2019 წელთან შედარებით, ზრდა 6,4%-ის დონეზეა. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, თუკი პროგნოზი გამართლდება და წლის ბოლოს ეკონომიკა 7,7%-იან ზრდას აჩვენებს, პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წელი) შედარებით, ზრდა დაახლოებით 1,5%-ის ფარგლებში გვექნება.
„2020 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა პანდემიით იყო შებოჭილი, იყო ლოქდაუნი. გასული წლის აპრილის თვიდან ეკონომიკაში გვქონდა ვარდნის მაჩვენებელი, მეტიც, მთელი მომდევნო თვეების განმავლობაშიც განვიცდიდით კლებას, წინა თვეებთან შედარებით და მხოლოდ 2021 წლის მარტში დავიწყეთ ნელ-ნელა მდგომარეობის გამოსწორება. ბიზნესს საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა იმისთვის, რომ გაცილებით რაციონალურად მოახდინოს საკუთარი რესურსების გამოყენება ბაზრის მოთხოვნილებების უფრო მეტად გათვალისწინებით“, - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ წარმოების სექტორი წელს მოწინავე პოზიციაზეა, რამდენადაც პროდუქციაზე არსებობს მოთხოვნა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც.
„როცა, როცა ბაზრები გაიხსნა, დაგროვილმა მოთხოვნილებებმა ერთბაშად იჩინა თავი. ამიტომ ერთდროულად ადგილი აქვს ბაზრის ტევადობის ზრდას, რაც დამახასიათებელი ტრენდია უცხოური ბაზრებისთვისაც, რის გამოც ქართულ პროდუქტზეც გაიზარდა მოთხოვნა. გარდა ამისა, ივნისში ადგილი ჰქონდა რეკორდულ ფინანსურ ტრანზაქციებს უცხოეთიდან საქართველოში, 201 მლნ დოლარი შეადგინა. ამ თანხას აქვს არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ დიდწილად საინვესტიციო დატვირთვაც, მისი მზარდი ნაწილი გამოიყენება კაპიტალური დანიშნულებით - მშენებლობის, რემონტის, ძვირადღირებული ტექნიკის და სხვა ტიპის საქონლის შესაძენად, რაც ასევე ქმნის სამუშაო ადგილების და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ემსახურება“, - აცხადებს არჩვაძე.
სტატისტიკოსის ვარაუდით, თუკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამართლდა, საქართველო ამ პარამეტრის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების ათეულში აღმოჩნდება.
„სავალუტო ფონდი იძლევა პროგნოზს, რომ წელს 7,7 %-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეს მაჩვენებელი თუ შენარჩუნდა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება მსოფლიოში - ათეულში მაინც აღმოჩნდება საქართველო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან გვქონდა იმაზე მეტი ვარდნა, რაც მსოფლიოში იყო (საქართველოში შემცირდა 6,2%-ით, მსოფლიოში - 3,9%-ით), ამიტომ ჩვენი ზრდა 2019 წელთან შედარებით 2%-ზე ნაკლები იქნება, სავარაუდოდ, 1,5%-ის ფარგლებში. ამდენად, ბევრა გასაკეთებელი. კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაგვჭირდება ორნიშნა ან ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ“, - აცხადებს სტატისტიკოსი „კომერსანტთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.7 პროცენტია.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა.
მარი ჩიტაია