„საყოველთაო კარანტინის დროს კომპანია გაჩერებული იყო. მაშინ, როდესაც სამუშაო და სასწავლო პროცესები ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და ტურისტების ნაკადი შეწყდა, ჩვენი გაქირავებები თითქმის განახევრდა“, - ამის შესახებ კომერსანტს კომპანია aicar- ის დირექტორმა გიორგი ხუროძემ განუცხადა.
მისივე განცხადებით, aicar - ის კლიენტების 25-30%-ს ტურისტები წარმოადგენდნენ, შესაბამისად ტურიზმის შემცირება aicar - ის სერვისით სარგებლობაზეც შესაბამისი პროპორციით აისახა, თუმცა მიუხედავად კლიენტების შემცირებისა, კომპანიას ფასებზე ცვლილება არ აქვს.
პანდემიამდე aicar - ის სერვისის მოხმარებლის 70-75% საქართველოს მოქალაქეები, ხოლო 25-30% უცხოელები იყვნენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქუთაისის დამატებასაც გეგმავდნენ, თუმცა არსებულმა სიტუაციამ ხელი შეუშალათ.
„ამ ეტაპზე Aicar-ი ფარავს თბილისს და ბათუმს. ვგეგმავდით ქუთაისს, თუმცა ეპიდსიტუაციის შემდეგ ეს საკითხი დროებით არ განიხილება“, - აღნიშნავს გიორგი ხუროძე.
როგორც გიორგი ხუროძე აღნიშნავს, aicar-ი ცალკე სეგმენტია და ტაქსი და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მათ კონკურენტებად არ აღიქმება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ამ ეტაპზე საუბრისგან თავს იკავებენ.
„სამომავლო გეგმებზე საუბარი შესაძლებელი იქნება წლის ბოლოს არსებული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით“, - აღნიშნავს გიორგი ხუროძე.
კომპანია aicar ბაზარზე 2019 წლის აპრილში გამოჩნდა და მომხმარებელს მანქანების გაზიარების (car sharing) სერვისს სთავაზობს. ამ ეტაპზე კომპანია 150 ელექტრო მობილი ჰყავს და თბილისა და ბათუმში ოპერირებს.
თაკო კვაჭანტირაძე