პანდემია და კოვიდრეგულაციები საქართველოს ბიუჯეტს 7.2 მლრდ ლარი დაუჯდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხუციშვილის განმარტებით, უშუალოდ ჯანდაცვის ხარჯები 0.9 მლრდ ლარით გაიზარდა, სოციალურ ხარჯებზე დამატებით 1.3 მლრდ გამოიყო, ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე - 3 მლრდ ლარი, გაჩერებული ეკონომიკის შედეგად კი ბიუჯეტს საშემოსავლო ნაწილში 1.9 მლრდ ლარი დააკლდა.
2020 წელს ეკონომიკურმა ვარდნამ 6.2%-ს მიაღწია, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. სხვადასხვა დოზით თითქმის ყველა სფერო დაზარალდა, თუმცა განსაკუთრებული დარტყმა ავიაბაზარმა და ტურიზმმა მიიღო. აეროპორტებში მგზავრთნაკადისა და ტურისტების რაოდენობა 2000-იანი წლების ნიშნულს დაუბრუნდა. უმუშევართა რაოდენობა 115 000-ით, სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი 100 000-ით გაიზარდა.
12–თვიანი უწყვეტი ვარდნა 2021 წლის მარტში დასრულდა. ივნისში მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა.