პაკისტანის მედიკამენტებზე ზედამხედველობის სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Ad5-nCov-ის კვლევის მესამე ეტაპი დაიწყო. გამოცემა Pioneer-ის ცნობით, ვაქცინა პეკინის ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტმა და ჩინურმა კომპანია CanSinoBio-მ შექმნეს.
„ვაქცინის კვლევის მესამე ეტაპი კარაჩის ქიმიურ და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო ცენტრში ჩატარდება. ამ ვაქცინის კვლევა პარალელურად ჩინეთში, ჩილესა და არგენტინაში მიმდინარეობს და მალე საუდის არაბეთშიც დაიწყება“, - აცხადებენ მედიკამენტებზე ზედამხედველობის სააგენტოში.
56-დღიან კვლევაში მონაწილეობას 200 მოხალისე მიიღებს. ვაქცინის შემქმნელების განხცადებით, კვლევის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პაკისტანის მოსახლეობა Ad5-nCov-ის შეძენას მისაღებ ფასებში შეძლებს.
პაკისტანში კორონავირუსი 289 832 ადამიანს დაუდასტურდა. 270 009 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 190 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Imedinews.ge