დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში გამოვლინდა, ვირუსის აფეთქების მომასწავებელი არ არის. ამის შესახებ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„რატომ ველოდებით ახალი შტამის აფეთქებას არ ვიცი, იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ ბრიტანეთის სამხრეთში და ლონდონშია. სხვა ქვეყნებში ჯერ არ არის აღწერილი ახალი შტამის აფეთქება. ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოვლენილი, არ მგონია, ჯერჯერობით რაიმე აფეთქების მომასწავებელი იყოს, მითუმეტეს, რომ მისი მიმდინარეობა არაფრით განსხვავდება ძველი შტამების სიმძიმისგან“, - განაცხადა იმნაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებში მეტად ვრცელდება, როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, „ამის შესახებ რაღაც მონაცემები არის, მაგრამ სამეცნიერო პუბლიკაციები ამის თაობაზე ჯერ არ გამოქვეყნებულა“.
IPN.GE