თუ ადამიანს სიმპტომები არ აქვს, ის კორონავირუსის გადამდები ვერ იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ადამიანი გადამდები არ არის, სანამ არ დაეწყება სიმპტომები. ყველაზე გადამდები ადამიანი მაშინ არის, როცა ხველა ეწყება. სიმპტომები როდესაც დაეწყება, მაღალი ტემპერატურა როცა დაეწყება, გადამდები უკვე არის, მაგრამ ძალიან გადამდებია ხველება როცა აქვს. მაგრამ თუ არანაირი სიმპტომი არ აქვს, ის გადამდები არ არის“, - განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.
imedinews.ge