დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა და განმარტა, რომ ამ ვირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს.
პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს.
„კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდრიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში (ირანი) პრაქტიკულად ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ.
საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.
ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
imedinews