დღეს ვხედავთ რომ მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ქვეყანამ შეძლო გამკლავებოდა კორონავირუსის შემოტევის ყველაზე ძლიერ ტალღას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო ყველაზე მაღალი ავადობის მაჩვენებლებს მსოფლიოში, რამაც ბევრი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემები კოლაფსის წინაშე დააყენა.
„ჩვენ გავუძელით. იყო ხარვეზები, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, მაგრამ რეალურად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ ამას გაუძლო. ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, სამწუხაროდ პანდემიამ შეიწირა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მან მოსახლეობას რეკომენდაციის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„იმ შეზღუდვებმა, რომელიც ქვეყანაში ნოემბრის ბოლოდან განხორციელდა, მოგვცა ის შედეგი, რომ სიტუაცია დასტაბილურდა, დაიწყო ინფიცირებულთა კლება, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საფუძველს. წინ გვაქვს ახალი წელი, რომელიც ჩვეულებრივი ვერ იქნება, რადგან ქვეყანას ასეთი დიდი მსხვერპლი აქვს, ბევრ ოჯახში პრობლემებია, აქედან გამომდინარე მე ვთხოვ მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღნიშნეთ ეს დღე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 227 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 211 727. გარდაიცვალა 2 505 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 480. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 287 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge