„საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მოგეხსენებათ, პირველ დოზას არ აქვს ისეთი დაცვა, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თან, ზოგიერთი, მეორე, მესამე, მეოთხე დღეს დაინფიცირდა და ისინი აცრის დროს უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვნენ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, კორონავირუსის პირველი დოზის შემდეგ ინფიცირებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვირუსი მსუბუქად განვითარდა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ამ ადამიანებში დაავადება ძალიან ადვილად წავიდა, აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია. „გაიდლაინის“ მიხედვით, ვირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ კეთდება პირველი დოზა. ამასთან, თუ აცრის შემდეგ დაინფიცირდა ადამიანი, ასევე, 120 დღის შემდეგ ეკუთვნის მეორე დოზა. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ერთი დოზა იყოს საკმარისი, მაგრამ ჯერ არაა ისეთი მტკიცებულება, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გაიდლაინებში“ შევიდეს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
21 მაისის მონაცემებით, საქართველოში, ჯამურად, 105 500 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია, ანუ ვაქცინის ორივე დოზა მიიღო 16 147-მა ადამიანმა. აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოთ ნომერზე 1522.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 335 769 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 316 389, გარდაიცვალა 4 569 პაციენტი.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციაც დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი, „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა.
imedinews.ge