იმედი გვაქვს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არ მოიმატებს, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ მედიავებინარზე განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, რეგულაციების მკაცრი დაცვით ზაფხულს მეტ-ნაკლებად ნორმალურად შევხვდებით.
„2 კვირაა უკვე ქვეყანაში ინფიცირებულთა კლებაა, ასე ჩანს, რომ ეს კვირაც გააგრძელებს წინა კვირის ტრადიციას. თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას ჯერ არ გვაძლევს, რადგანაც სამწუხაროდ ავადობა 100 ათას მოსახლეზე ჩვენთან ისევ საკმაოდ მაღალია, ლეტალობის შემთხვევები ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან ჩვენ დაავადების პიკი გადავიტანეთ.
შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, რაც არის ქვეყანაში, ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, რომ ავადობა მოიმატებს და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება. ისევ და ისევ უნდა გვახსოვდეს პირბადის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. არსებული რეგულაციების ძალიან მკაცრად დაცვა იმედს გვაძლევს, რომ ზაფხულს მეტ-ნაკლებად ნორმალურად შევხვდებით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 334 705 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 315 254, გარდაიცვალა 4 540 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.
imedinews.ge