COVID-19-ის პანდემიის დროს პლანეტის 10 უმდიდრესი ადამიანის ჯამური სიმდიდრე გაორმაგდა და 700 მლრდ დოლარიდან 1,5 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ არაკომერციული ორგანიზაცია Oxfam International -ის ანგარიშში არის ნათქვამი.
Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში შედის:
ილონ მასკი (აშშ) – 268,1 მლრდ დოლარი
ჯეფ ბეზოსი (აშშ) - 188 მლრდ დოლარი
ბერნარ არნო (საფრანგეთი) - 187,5 მლრდ დოლარი
ბილ გეითსი (აშშ) - 134,5 მლრდ დოლარი
ლარი ელისონი (აშშ) - 120,1 მლრდ დოლარი
ლარი პეიჯი (აშშ) - 119,4 მლრდ დოლარი
მარკ ცუკერბერგი (აშშ) - 117,5 მლრდ დოლარი
უორენ ბაფეტი (აშშ) - 116,9 მლრდ დოლარი
სერგეი ბრინი (აშშ) - 115,1 მლრდ დოლარი
სტივ ბალმერი (აშშ) – 98,5 მლრდ დოლარი
ანგარიშში მოცემული ექსპერტების კვლევა, რომელსაც Inequality Kills (უთანასწორობა კლავს) ეწოდება, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.
Oxfam International-ის აღმასრულებელი დირექტორის, გაბრიელა ბუხერის თქმით, ტოპ-10 უმდიდრეს ადამიანს, 3.1 მილიარდ უღარიბეს ადამიანთან შედარებით, „ექვსჯერ მეტი სიმდიდრე დაუგროვდა.“
ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ თუ უმდიდრესი ადამიანები დღეში მილიონ დოლარს დახარჯავენ, მათი ქონება 414 წელში ამოიწურება. ამასთან, კვლევის მიხედვით, პლანეტაზე ადამიანების 99%-ის შემოსავალი შემცირდა, ხოლო 160 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.
BPN.GE