იანვარ-მაისში ქართულმა საბანკო სექტორი 765 მლნ-იან მოგებაზე გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.378 მლრდ ლარით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ორი დომინანტი ბანკის წილი საერთო მოგებაში 86%-ს აჭარბებს. პირველ 5 თვეში საქართველოს ბანკის მოგებამ 364 მლნ ლარს მიაღწია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 595 მლნ-ით მეტს, 2020 წლის იანვარ-მაისში ბანკმა 231 მლნ ლარი იზარალა. ასევე შარშანდელი ფინანსური ზარალის გათვალისწინებით თიბისიმ საკუთარი მოგება 498 მლნ ლარით 295 მლნ-მდე გაზარდა. რეიტინგში შემდეგ სამ ადგილს 18, 15.5 და 13.5 მლნ-ით ლიბერთი, პროკრედიტი და ქართუ ბანკები ინაწილებენ.
წლევანდელ მოგებაშიც და შარშანდელ ზარალშიც ბუღალტრული აღრიცხვის წილი დიდია რაც რეალურ სურათს გარკვეულწილად ამახინჯებს. შარშან, როდესაც ბანკებმა სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადეს, შესატანი თანხები დაარეზერვეს. წლის პირველ ნახევარში ზარალის მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. დარეზერვებული თანხების ეტაპობრივად ბრუნვაში დაბრუნებამ მოგება დამატებით გაზარდა.