საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „კომერსანტს“ განუცხადა სუბსიდიის სტრუქტურა დამუშავების პროცესშია. მისი თქმით, სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.
„სამწუხაროდ 2 უსუბსიდირო წლის შემდეგ, მსოფლიოში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ობიექტური რეალობაა, საჭიროდ ჩავთვალეთ 2020 წლის რთველში სუბსიდიის სახით ჩავერიოთ, რაც გულისხმობს შემდეგს: როდესაც რომელიმე ღვინის კომპანია, მარანი გარკვეული რაოდენობა რქაწითელს და კახურ მწვანეს შეიძენს ფასის ნაწილი დაუსუბსიდირდება. ეს არის ის სქემა, რომელიც წლების წინ გვქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ კონკრეტული თანხის დასახელებისგან, რადგან ციფრები ჯერ დადგენილი არ არის. ყველაზე სამართლიანი ფასი არის ის, რომელიც დგინდება თავისუფალ ბაზარზე, ეს არის დარგის განვითარების ძირითადი პრინციპი უბრალოდ როდესაც არის ასეთი კრიზისული პერიოდია და შესაძლოა ყურძნის ფასი თვითღირებულებაზე დაბალი იყოს არსებობს მთავრობის პასუხისმგებლობა. ფერმერებზე, რომ არ მოხდეს საფასო შოკი საჭიროა სუბსიდია“,- აცხადებს ლევან მეხუზლა.
ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ სუბსიდიას თავისი უარყოფითი რისკები აქვს, თუმცა მისი თქმით, ღვინის სექტორმა ეს გზა ერთხელ უკვე გაიარა ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სექტორი ამ გამოწვევას მეორედაც წარმატებით გაივლის. ლევან მეხუზლა იმ მიზეზებზე საუბრობს თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ რთველის სუბსიდირება. მისი განმარტებით ღვინის ეროვნული სააგენტო მოთხოვნა- მიწოდების ანალიზის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თეთრი ყურძნის კომპონენტში სუბსიდირება საჭირო იყო.
„ძირითადი მიზეზი, რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ ღვინის რეალიზაციამ იკლო, რეალიზაციაში ვგულისხმობ, როგორც ექსპორტის კუთხით დაახლოებით 10 პროცენტიანი კლება გვაქვს, პარალელურად ნულამდე დავიდა ადგილობრივი გაყიდვები, სადაც ძალიან დიდი წილი მოდიოდა ტურიზმზე, თუ ექსპორტის კუთხით მხოლოდ 10 პროცენტიანი კლება გვაქვს, რაც პანდემიის პირობებში შეიძლება დადებითად ჩაითვალოს. ადგილობრივი გაყიდვები სრულადაა გაჩერებული. პლუს გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შენდებოდა და შენდება ვენახები, შედეგად ყურძნის მზარდი მოსავლის მოლოდინი გაქვს“, - განმარტავს ლევან მეხუზლა.
შეგახსენებთ, რომ „კომერსანტი“ რამდენიმე თვის წინ წერდა სახელმწიფოს მიერ რთველის თანადაფინანსების საკითხზე, მაშინ ამის შესახებ ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილა განუცხდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ღვინის ეროვნული სააგენტო მუშაობს ახალი მარკეტინგული სტრატეგია, რომლის შესახებაც მედიაჰოლდინგი ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.
ბაჩო ადამია