ოქტომბერში მშპ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით, პირველ ათ თვეში კი 10.5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.
ათ თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 12.8%-ით სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი კი 17.7%-ით გაიზარდა.
იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 24.9%-ით $3.393 მლრდ-მდე, იმპორტი 22.3%-ით 7.960 მლრდ-მდე, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა კი 23%-ით $11.352 მლრდ-მდე გაიზარდა.
ოქტომბერში სულ 4236 ახალი საწარმო დარეგისტრირდა - 4.7%-ით მეტი ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 25.6%-ით 9.742 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
2007 წლის შემდეგ 2021 წელს შესაძლოა პირველად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდეს, თუმცა ამის მიზეზი ძალიან ცუდი საბაზისო პერიოდი იქნება. 2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.