ბაზარზე მზარდი მერყეობის და ბუნდოვანების საპასუხოდ, OPEC+ ნავთობის წარმოების დონეს უცვლელად ტოვებს.
ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა კავშირის წევრების გადაწყვეტილება ასახავს მომდევნო თვეებში ნავთობზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არასტაბილურ ურთიერთმიმართებას.
წინა შეხვედრაზე ექსპორტიორებმა წარმოება მნიშვნელოვნად, დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირეს. ამავდროულად, უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სანქციები რუსულ ნავთოზე, ჩინეთი კი კოვიდის საწინააღმდეგო ზომებს ამსუბუქებს.
ნავთობის ფასებზე გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი გავლენა არ ქონია, თუმცა 1 დღეში ღირებულებამ მაინც მოიმატა და ამჟამად Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 87.5 დოლარია ბარელზე, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 81.9 დოლარი ღირს.
ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსული ნავთობის ემბარგოს ითვალისწინებს, ძალაში დღეიდან შედის. აკრძალული იქნება რუსული ნავთობის ზღვით იმპორტისთვის მომსახურების გაწევა, ასევე მისი დაზღვევა, ბროკერული მომსახურება და ფინანსური ოპერაციები. გამონაკლისი იქნება, თუ საწვავი იმაზე ნაკლებად გაიყიდება, ვიდრე ფასის ჭერით არის განსაზღვრული.
ანალოგიურ აკრძალვას რუსეთის მიმართ დღეიდან აამოქმედებენ დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები.
bpn.ge