OPEC ჯგუფის წევრი სახელმწიფოები და მისი მოკავშირეები ნავთობის დღიური მოპოვების 500,000 ბარელამდე გაზრდას განიხილავენ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საკითხზე მსჯელობა 4 დეკემბერსაა ჩანიშნული. შეხვედრა ერთი დღით უსწრებს ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების ამოქმედებას და „დიდი შვიდეულის“ მიერ რუსულ საწვავზე ზედა ზღვის დაწესებას, რაც რუსეთის ბაზრიდან განდევნას ნიშნავს.
თუმცა გავრცელებული ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა უარყო. მინისტრის განცხადებით, ნავთობის შემცირებასთან დაკავშირებით OPEC+-ის გადაწყვეტილების გადახედვა დაგეგმილი არ არის. მისივე თქმით, ფასის შენარჩუნების მიზნით, შესაძლებელია, მოპოვების კიდევ უფრო მეტად შემცირება.
OPEC+-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობის 2 მილიონი ბარელით შემცირებაზე ოქტომბერში შეთანხმდნენ. ამ ნაბიჯით ისინი ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერებას ცდილობენ. ბაზრებზე ნავთობის ფასი მართლაც გაიზარდა, თუმცა ეფექტი დროებითი აღმოჩნდა.
დღეს Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 0,3%-ით გაიზარდა და $87,75 შეადგინა. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის იანვრის ფიუჩერსები კი 0,1%-ით, $80,13-მდე გაიზარდა.