ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

access_time2022-01-20 19:00:25

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-დან ჩახსნა.

 

რუსეთმა 1994 წელს ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ უკრაინისთვის მიცემული ტერიტორიული მთლიანობის გარანტია, 2014 წლის თებერვალში თავადვე დაარღვია, როდესაც ყირიმის ნახევარკუნძული უომრად მიიერთა, მომდევნო თვეებში კი დონბასისა და ბოლო 8 წელიწადში ვითარება პერიოდულად მწვავდებოდა ხოლმე, დაძაბულობამ პიკს 2021 წლის დეკემბერში მიაღწია, რუსეთმა საზღვარზე შეიარაღების დიდი ნაწილი გადაისროლა, პარალელურად ნატოს ულტიმატუმი წაუყენა და 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალურ დონეზე გაუქმება მოსთხოვა. მოსკოვის სცენარის მიხედვით, ნატოს საჯაროდ უნდა განეცხადებინა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები ვერასდროს გახდებოდნენ. ნატომ ულტიმატუმი უარყო.

 

ამ დრომდე როგორც უკრაინაში, ასევე ევროკავშირსა და ნატოში სამი სცენარი განიხილება. პირველის თანახმად რუსეთი უბრალოდ კუნთებს ათამაშებს და გამარჯვების მოპოვებას დაშინების გზით ცდილობს, მეორე სცენარი უკრაინის ტერიტორიაზე ნაწილობრივ შეჭრას, საოკუპაციო არეალის გაფართოვებასა აფხაზეთის მსგავსად დონბასის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს, მესამე სცენარით პირდაპირ კიევზე დარტყმა და ქვეყნის სრული ოკუპაციაა გათვალისწინებული.

 

მესამე სცენარი ყველაზე კოშმარულად გამოიყურება, თუმცა უფრო რეალისტური ნაცადი ხერხი ანუ მეორე სცენარია. ის ფაქტი, რომ საშიშროება რეალურია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. მოსალოდნელ თავდასხმას მან „მცირედი შეჭრა“ უწოდა და მოსკოვს აქამდე არნახული სანქციებით დაემუქრა.

 

ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შედეგები იქნება ძალიან მძიმე და რუსული ბანკები დოლარში ანგარიშსწორებას ვეღარ შეძლებენ. დამატებით პასუხად ვაშინგტონი რუმინეთსა და პოლონეთში განთავსებულ ამერიკული ბაზების ბრძოლისუნარიანობას გაზრდის.

 

„მცირე შეჭრის“ ხსენება კრიტიკის მიზეზი გახდა როგორც თავად აშშ-ში ასევე უკრაინასა და ევროპაში, გამოვიდა ისე, რომ აშშ მხოლოდ მაშინ გადავა მოქმედებაზე თუ რუსეთმა პირდაპირ კიევს დაარტყა, ან საოკუპაციო არეალი მნიშვნელოვნად გააფართოვა, ტანკების მარშით მცირე წინსვლის შემთხვევაში კი ისევ „შეშფოთება-აღშფოთებას“ დასჯერდება. აღნიშნულ ფრაზაზე თეთრ სახლს სპეციალური განმარტების გაკეთებაც მოუწია, სადაც აღნიშნულია, რომ საზღვრის ნებისმიერი კვეთა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად აღიქმება და მას ადეკვატური პასუხი გაეცემა.


 

როიტერსის ინფორმაციით შეერთებულმა შტატებმა ბალტიის სამივე სახელმწიფოს უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების ნება დართო.

 

აშშ უკრაინას ისევე როგორც საქართველოს ძირითადად თავდაცვითი შეიარაღებით: ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებითა და ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერებით ამარაგებს. აბრამსის ტანკები, აპაჩის შვეულმფრენები, F16-ები და F35 თვითმფრინავები, ტომაჰავკის რაკეტები და სხვა ნებისმიერი სახის შეტევითი დანიშნულების ამერიკული სამხედრო ტექნიკა არც უკრაინას გააჩნია და არც საქართველოს. მართალია ჯაველინი ტანკის გასანადგურებელ საუკეთესო საშუალებად ითვლება და მისგან თავდასაცავად რუსულ ტანკებზე დამაგრებული რკინის გალიები არ გამოდგება, მაგრამ რუსეთის არმიას 13 ათასზე მეტი ტანკი ჰყავს, უკრაინას კი გაცილებით ნაკლები გამშვები რაკეტა.

 

ოფიციალური მოსკოვი ყველაფერში ბრალს თავად უკრაინასა და დასავლეთს სდებს. პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვაშინგტონის მხარდაჭერამ შესაძლოა კიევს ცრუ იმედები გაუჩინოს და კონფლიქტის მოგვარება ძალისმიერი გზით სცადოს.

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს იმპერიალისტური პოლიტიკიდან 1 წუთითაც არ გადაუხვევია. დღეს მოდაშია იმის ხშირი გამეორება, რომ თითქოს დიქტატორი მხოლოდ პუტინია და ელცინი დემოკრატი იყო, სინამდვილეში ელცინი უბრალოდ უფრო სუსტი იყო, მაგრამ სისხლისღვრას არც ის ერიდებოდა. ელცინის დროს მოხდა სამხედრო გადატრიალება საქართველოში, რომელიც ფინანსებით, იარაღითა და მათთვის კრიტიკულ სიტუაციაში ცოცხალი ძალითაც რუსეთიდან იყო მომარაგებული, რეალურად რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია 1992-1993 წლებში ელცინის დროს მოახდინა, სომხეთმა რუსეთის მხარდაჭერით ყარაბაღისა და მის გარშემო დამატებით 7 რაიონის ოკუპაცია რუსეთის დახმარებით ელცინის დროს მოახდინა, იქამდე იყო დნესტრიპირეთი, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ელცინის დროს რუსულმა ავიაციამ გროზნო მიწასთან გაასწორა, 1997 წლამდე სამოქალაქო ომში გაეხვა ტაჯიკეთიც.

 

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლით მოსკოვმა ექსპანსია გააძლიერა. ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე ФСБ-ს მიერ მოწყობილ ტერაქტებს რუსეთის ქალაქებში 307 ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა, ტერაქტები ჩეჩენ ტერორისტებს მიაწერეს და მეორე ომით იჩქერიის რესპუბლიკის დე ფაქტო დამოუკიდებლობა დაასრულეს. 2008 წელს რუსეთი უკვე ღიად დაესხა თავს საქართველოს სამხედრო ობიექტების გარდა გორსა და საცხოვრებელი კორპუსებიც დაბომბა. ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა საკმაოდ ბევრი გარემოება იმას ამტკიცებს, რომ 2010 წლის 10 აპრილს ნატოს წევრი პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფა ტერაქტი იყო და არა უბედური შემთხვევა. 2014 წელს ჯერი უკრაინაზე მიდგა, დღემდე ყირიმი ანექსირებულად რჩება, დონბასი და ლუგანსკი ოკუპირებულად. 2020 წელს რუსეთმა პარტნიორად გამოცხადებული სომხეთი აზერბაიჯანულ არმიას შეტოვა და ზავით ბაქოს იერიში მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, ყარაბაღის დარჩენილ ნაწილში 2000 „სამშვიდობო“ რომ განეთავსებინა. ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ბელარუსის დიქტატორმა ლუკაშენკომ ძველი შედარებით დაბალანსებული რიტორიკა შეიცვალა და მართალია მხოლოდ სიტყვიერად, მაგრამ მაინც ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიარა. 2016 წელს რუსეთმა აშშ-თურქეთს შორის დაპირისპირება ახალი გაზსადენის მშენებლობისა და მისთვის საზენიტო სარაკეტო კომპლექს S400-ების მიყიდვისთვის გამოიყენა. 2021 წელს რუსეთი ნატოსთან ულტიმატუმზე გადავიდა. მოსკოვმა ღიად მოითხოვა რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც საქართველოსა და უკრაინას ნატოში ინტეგრაციას პირდება, შეიცვალოს სიტყვებით „საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრები“. ამ ყველაფრის შემდეგ რუსული ჯარი 2022 წელს უკვე ყაზახეთშიც გამოჩნდა.

 

მთელი გასული 30 წლის განმავლობაში დასავლეთი რუსეთის ქმედებებს ან ირიბად მხარს უჭერდა, ან მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებოდა ან ძალიან სუსტ სანქციებს უწესებდა. საქართველოს დამოუკიდებლობა რეფერენდუმზე 99%-იანი  მხარდაჭერის მიუხედავად, დე-იურედ დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლის შემდეგ აღიარა და არც პუტჩს შეწინააღმდეგება ვინმე. იჩქერიის დამოუკიდებლობა არავის უცვნია, რასაც შეიძლება დომინოს ეფექტით მთელი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების გათავისუფლება მოჰყოლოდა. 2008 წელს დასავლეთი მოსკოვის ქმედებების დაგმობით დაკმაყოფილდა, 2014 წელს მცირე დოზით დაწესებულ სანქციებს დასჯერდა. ამ პერიოდში რუსეთმა შოკიდან გამოსვლა და გადაიარაღება მოასწრო. SWIFT-დან გათიშვით, VIZA-სა და MASTERCARD-ის დაბლოკვით რუსეთს ცხადია სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება, მაგრამ ბევრად ნაკლები ვიდრე იგივე ქმედებები 14 წლის წინ, ან თუნდაც 8 წლის წინ.

 

84 წლის წინ, 1938 წელს ევროპამ ჰიტლერის მხრიდან ჯერ ავსტრიის ანშლუსი, შემდეგ კი ჩეხო-სლოვაკიის გადაყლაპვა დაუშვა, რის საპასუხოდაც 1940 წელს გერმანული ტანკები უკვე პარიზში იხილა. ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ მესამე მსოფლიო ომის ალბათობა უკიდურესად შემცირდა, საფრთხე იმის, რომ მოსკოვი ბერლინის, პარიზის ან ლონდონის დაბომბვას დაიწყებს მინიმალურია, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში ომი მხოლოდ არტილერიით არ წარმოებს. გახშირებული კიბერთავდასხმები და დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია შეიძლება ჰიბრიდული ომის ნაწილად მივიჩნიოთ. რუსეთი ევროპას გაზის შეწყვეტით აშანტაჟებს, მაგრამ საპასუხოდ თავად ევროპასაც შეუძლია რუსეთს იმპორტზე უარის თქმით დამუქრება, თუ გაზის შეწყვეტით ბევრი ევროპული საწარმო შეჩერდება, ექსპორტის ვარდნით რუსეთიც მნიშვნელოვნად იზარალებს.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა სტალინს ავსტრიიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს, მაგრამ იმავე ქვეყნებმა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების გაწითლება დაუშვეს. 1921-ისგან და 1945-ისგან განსხვავებით დღეს საქართველოს, უკრაინის ან სხვა რომელიმე ევროპული ქვეყნის სრული ანექსიის საფრთხე დაბალია, მაგრამ საქართველოში მცოცავი ოკუპაცია უკვე მე-14 წელია გრძელდება, ანალოგიური და უფრო მძიმე ვითარება უკრაინაში დგას. რა მოხდება უახლოეს დღეებში ან თუნდაც საათებში, ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთისთვის ოფიციალური დოკუმენტის ფასი იმ ქაღალდის ღირებულებაა, რაზედაც ხელი მოაწერა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up