ოპეკ+-ის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრამ სენსაციების გარეშე ჩაიარა - კარტელმა ცოტა ხნის წინ ნავთობის ფასის ზრდის ფონზეც კი უარი განაცხადა ადრე დაგეგმილზე მეტად მოპოვების ზრდაზე და ეს მოსალოდნელი მით უმეტეს არ იყო დღეს, როდესაც „შავი ოქრო“ ისევ იაფდება.
ალიანსში გაერთიანებულმა ქვეყნებმა ძალაში დატოვეს ივლისში მიღებული გადაწყვეტილება - ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 400 000 ბარელით გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ უკვე რამდენიმე თვის მანძილზე აშშ და სხვა მსხვილი მომხმარებლები უფრო მნიშვნელოვან მატებას მოითხოვენ.
ოპეკ+-ის გადაწყვეტილებაზე უმთავრესი გავლენა მოახდინა ინფორმაციამ კორონავირუსის ახლი შტამის „ომიკრონის“ თაობაზე და მასთან დაკავშირებულმა ლოქდაუნის და ეკონომიკური ვარდნის რისკმა.
უკვე დღეს, რამდენიმე ქვეყანამ საზღვრების გადაკვეთის წესები და შიდა რეგულაციები გაამკაცრა, რამაც Brent-ის მარკის ნავთობი 82-დან 66 დოლარამდე გააიაფა. მართალია, მოგვიანებით შავი ოქროს ღირებულება 70 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა, „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები კვლავ ძალაში რჩება.
ნავთობის გაიაფების ფონზე ოპეკ+-ის ქვეყნებს შეეძლოთ შეხვედრის გადადება, სანამ ახალი ვირუსის თვისებები და მასთან დაკავშირებული რისკები მეტ-ნაკლებად გაირკვეოდა, რადგანაც მისი რეალური საფრთხე და მოწინავე ქვეყნების ეკონომიკებზე გავლენა ბოლომდე დაზუსტებული არაა. თუმცა, კარტელი პანიკურ განწყობებს არ აჰყვა და ამით ისედაც დაძაბული მდგომარეობა უფრო მეტად არ გაამწვავა.
მეორეს მხრივ, ოპეკ+ ძლიერ ზეწოლას განიცდის აშშ-ს და სხვა მსხვილი მომხმარებლებისგან, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის პანდემიური დონემდე სწრაფ დაბრუნებაში არიან დაინტერესებულები, ამას კი ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები აფერხებს.
ამიტომაც ისინი ოპეკ+-ის ქვეყნებისგან მოპოვების უფრო მნიშვნელოვან ზრდას და, შესაბამისად, ფასების შემცირებას მოითხოვენ. ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ქვეყნის სტრატეგიული რეზერვიდან ბაზრისთვის 50 მლნ ბარელის მიწოდების გადაწყვეტილება სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული.
ვაშინგტონის ინიციატივას ინდოეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ბრიტანეთი და რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, ჩინეთიც შეუერთდნენ, რის გამოც ფასების შემცირება დაიწყო. ეს ტენდენცია „ომიკრონთან“ დაკავშირებულმა რისკებმაც გააძლიერა.
ჯამურად ეს ქვეყნები სტრატეგიული რეზერვებიდან მხოლოდ 70 მლნ ბარელს გამოუშვებენ, თუმცა, პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყება.
როგორი იქნება იმ დროს ნავთობის ფასის ტრენდები - ძნელი სათქმელია, თუმცა, ოპეკ+-ის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა 2022 წლის წლის პირველ დღეებში შედგება, რაც საჭიროების შემთხვევაში კორექტივების შეტანის საშუალებას იძლევა.
ამ ეტაპზე ექსპორტიორები ოპეკ+-ის ტექნიკური კომიტეტის პროგნოზით ხელმძღვანელობენ, რომლის თანახმად, 2022 წელს ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას დღე-ღამეში 1,7 მლნ. ბარელით გადააჭარბეს, მაშინ, როდესაც დღეს დეფიციტი 1,2 მლნ. ბარელს შეადგენს.
Haqqin.az