აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ სატელეფონო მოლაპარაკება გამართა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან.
დე ფაქტო მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საუბარი იყო აფხაზეთში დროებით შექმნილი ენერგოდეფიციტის შევსებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს "რესპუბლიკის" ენერგოუსაფრთხოება.
ნოვაკის ინფორმაციით, ყველა შესაბამის სტრუქტურას მიეცა რუსეთიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაუყოვნებლივ ორგანიზების დავალება და ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა. აფხაზური მხრიდან მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი ევალება დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ადგურ არძინბას. როდის შეავსებს რუსეთი აფხაზეთის ენერგიდეფიციტს, მითითებული არ არის.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტია „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონემდე შემცირების გამო. რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია მკაცრი გრაფიკით მიეწოდება.
რადიო თავისუფლება