ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შვეიცარიისა და ლუქსემბურგის მაჩვენებლებს აჭარბებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შვეიცარიისა და ლუქსემბურგის მაჩვენებლებს აჭარბებს

access_time2021-12-23 12:00:35

გლობალურად ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ზრდის ტემპი მსოფლიო საშუალოს აღემატება. მდგომარეობა განსაკუთრებით რთული ოკუპირებულ აფხაზეთშია, სადაც საფასურის გადაუხდელობის გამო გამოწვეულ ისედაც უკონტროლო ხარჯვას, ბოლო წლებში კრიპტომაინინგიც დაემატა. შედეგად, ეკონომიკურად განუვითარებელ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარებამ ერთ სულზე შვეიცარიის, ლუქსემბურგისა და იაპონიის მაჩვენებლებს გადააჭარბა. გასული საუკუნის ბოლოს დადებული ზეპირი შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთს ენგურჰესის გამომუშავების 40% უნდა დარჩენოდა, რეალობაში ზამთრის თვეებში 100%-იც არასაკმარისი აღმოჩნდა. ოკუპირებული რეგიონისთვის რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიის საფასურს ბოლო პერიოდამდე თბილისი ფარავდა.

 


2021 წლის იანვარ-ნოემბერში ენგურს გაღმა საქართველომ 2.637 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 17.6%-ით აღემატება. შედარებისთვის, მთლიანად საქართველოში მოხმარება მხოლოდ 13.4%-ით 12.407 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, აფხაზეთის გარეშე კი 12.4%-ით 9.770 მლრდ კვტ/სთ-მდე.

 


ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო, ელექტროენერგიის გენერაციის, მოხმარების, იმპორტისა და ექსპორტის შესახებ მონაცემებს 2007 წლიდან აღრიცხავს (2006 წელს ინფორმაცია მხოლოდ სექტემბერ-დეკემბერზე იძებნება). 2007 წელს აფხაზეთმა სულ 1.255 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, საქართველომ აფხაზეთიანად 7.815 მლრდ კვტ/სთ. 2020 წელს შესაბამისად 2.552 მლრდ კვტ/სთ და 12.157 მლრდ კვტ/სთ. 13 წელიწადში აფხაზეთში მოხმარება 103%-ით გაიზარდა, მთლიანად საქართველოში 55.6%-ით. აფხაზეთის გარეშე კი 46.4%-ით. 2021 წლის მონაცემების გაანალიზებით კონტრასტი კიდევ უფრო იზრდება. თუ დავუშვებთ იმას, რომ 11 თვის ზრდის ტემპი დეკემბერშიც შენარჩუნდება, მაშინ აფხაზეთში მოხმარება 3.101 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს, 147%-ით მეტს, ვიდრე 2007 წელს,  მთლიან საქართველოში 14.070 მლრდ კვტ/სთ-ს, რაც 14 წლის წინანდელთან შედარებით 80%-ით მეტია და ოუკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოში 10.968 მლრდ კვტ/სთ-ს ანუ მხოლოდ 67%-ით მეტს.

 




თბილისში ოფიციალურად 1.2 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რეალურად 1.5 მლნ-ზე მეტი, რაც აფხაზეთის მოსახლეობას მინიმუმ 6-ჯერ აღემატება. ამის მიუხედავად 11 თვეში თბილისმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 42%-ზე მეტს აგენერირებს, სულ 2.376 მლრდ კვტ/სთ მოიხმარა 10%-ით ნაკლები ვიდრე ოკუპირებულმა აფხაზეთმა.

 


საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ მცირე ოდენობით საწარმოები მაინც ფუნქციონირებს. პირდაპირმა მომხმარებლებმა, როგორებიც არიან: „ჯორჯიან მანგანეზი,“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,“ „რუსთავის აზოტი“, „ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანა“ წლის პირველ 11 თვეში 3.200 მლრდ კვტ/სთ მოიხმარეს.

 


ოკუპირებულ აფხაზეთში მსგავსი სიდიდის საწარმოები არ არსებობს. ამის მიუხედავად, თუ 1 სულ მოსახლეზე ვიანგარიშებთ, აფხაზეთში მოხმარებამ 10 633 კვტ/სთ შეადგინა, დანარჩენ საქართველოში 2596 კვტ/სთ. წელს ეს რიცხვები სავარაუდოდ 12 931 კტ/სთ-მდე და 2 964 კვტ/სთ-მდე გაიზრდება. 1 სულ მოსახლეზე დაანგარიშებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება არაოკუპირებულ საქართველოსთან შედარებით 336%-ით მაღალია. მთელ საქართველოში რომ აფხაზეთის მსგავსი მოხმარება იყოს, მოთხოვნა 47 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბებდა.

 


1 სულ მოსახლეზე მოხმარებული 12 900 კვტ/სთ ელექტროენერგია ნიდერლანდების, შვეიცარიის, ავსტრიის, ლუქსემბურგის, კორეის, იაპონიის, სინგაპურის და ავსტრალიის მაჩვენებელს აღემატება. იმის ილუზია, რომ აფხაზეთში ცხოვრების დონე შვეიცარიის ან ნიდერლანდებისას სჯობს, სოხუმშიც არ აქვთ.



აფხაზეთში ეკონომიკური მდგომარეობა დანარჩენ საქართველოზე მძიმეა, უკონტროლო მოხმარების უმთავრესი მიზეზი ე.წ. უფასო დენია. 10 წლის წინაც, როდესაც ბიტკოინის შესახებ თითქმის არავის სმენოდა, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შედარებით 1 სულზე დაანგარიშებით 125%-ით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდა.




 



როგორც წესი, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. მოსახლეობა მართალია ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, მაგრამ მოძველებული ქსელი არანორმალურ დატვირთვას ვერ უძლებს. ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა და ძაბვის ხშირი ვარდნა საოჯახო ტექნიკას აზიანებს. ტელევიზორი და მაცივარი კი უფრო მეტი ღირს, ვიდრე 1 წელიწადში გადასახდელი ელექტროენერგიის საფასური. მართალია მაინერი ბევრს აქვს, მაგრამ არა უმრავლესობას, საბოლოოდ „უფასო დენით“ უმცირესობა უმრავლესობის ხარჯზე მდიდრდება. ადგილობრივების გარდა მაინინგს აფხაზეთში რუსეთიდან ჩასულებიც მისდევენ. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის აკრძალვები აკრძალვებადვე რჩება.

 


2007-2011 წლებში საქართველო უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდდა, ვიდრე ყიდულობდა. 2012 წლიდან მდგომარეობა შეიცვალა. მცირე გამონაკლისი მხოლოდ 2016 წელი იყო. ჯამში ელექტროენერგიის დეფიციტმა 2007 წლიდან დღემდე 4.449 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც ფულად გამოხატულებაში $279 მლნ-ს უდრის. 2007 წლიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტით $305 მლნ-ის შემოსავალი კი მიიღო, მაგრამ იმპორტი $584 მლნ დაუჯდა.



 



აფხაზეთის ელექტრომომარაგების სულ 2 წყარო არსებობს ენგურჰესი და რუსეთიდან იმპორტი, რომლის საფასურსაც თბილისი ფარავს. მიმდინარე წელს ესკომ პირველად იმპორტში აფხაზეთის წილი ცალკე გამოყო, საიდანაც ირკვევა, რომ 1.799 მლრდ კვტ/სთ-დან ნახევარზე მეტი - 909 მლნ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთში წავიდა. მაღალი იმპორტის კიდევ ერთი მიზეზი სარეაბილიტაციოდ 3 თვით გაჩერებული ენგურჰესი გახდა.

 


ერთის მხრივ პარადოქსულად ჟღერს, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფულით აფხაზეთის მოსახლეობასთან ერთად, რუსული საოკუპაციო ბაზებიც მარაგდება და რუს მაინერებიც საქართველოს ბიუჯეტის ფულით მდიდრდებიან, მაგრამ მეორეს მხრივ რადგან ენგურჰესის სადერივაციო გვირაბი და ტურბინები საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარეობს, თბილისი იძულებული ხდება დათმობაზე წავიდეს. ისევე როგორც აფხაზეთი, კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც ცხინვალის რეგიონიც საქართველოა, მაგრამ მას ელექტროენერგიით თბილისი არ ამარაგებს.

 


ენგურზე ჰესის აშენების იდეა საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში ყოფნისას პირველად ნიკო ნიკოლაძეს გაუჩნდა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პროექტი 20-იან წლებშიც განიხილებოდა, თუმცა ტექნოლოგიური სირთულისა და ფინანსების სიმცირის გამო, მისი მშენებლობა მხოლოდ 1961 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. მშენებლობა 1 მლრდ მანეთზე მეტი დაჯდა. რაც დღევანდელი კურსით $4 მლრდ-ზე მეტია. მშენებლობის დასრულების მომენტში ენგურჰესის კაშხალი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში, დღეს კი მესამეზეა. 90-იანი წლების ბოლოს დადებული ზეპირი შეთანხმებით აფხაზურ მხარეს ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უნდა დარჩენოდა. ეს პირობა ბოლო წლებია სისტემატურად ირღვევა. თუმცა ენერგეტიკა რჩება იმ ძალიან მცირე საკითხთა შორის, რაზეც მხარეები გარკვეულ თანამშრომლობას მაინც ახერხებენ.



ადმინისტრაციულ საზღვარზე ენგურჰესის გარდა კიდევ ერთი ელექტროსადგური - ვარდნილჰესების კასკადი მდებარეობს საიდანაც უკვე თითქმის 3 ათწლეულია, რაც მხოლოდ ვარდნილჰესი 1 მუშაობს. ვარდნილი II, III და IV-ის აღდგენის შემთხვევაში სადგურის წლიური გამომუშავება 380 მლნ კვტ/სთ-ით გაიზრდებოდა. აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებისა და თანხის გამოყოფის მიუხედავად მესამე ათწლეული იწურება, რაც მათი აღდგენის გეგმა ისევ ქაღალდზე რჩება.

 


რეგიონში შექმნილი ენერგოკრიზისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კომერსანტი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრსა და საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს დავით მირცხულავას დაუკავშირდა. მირცხულავას თქმით, წელს მოხმარების ზრდის მიუხედავად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების მიმართულებით პროგრესი შეინიშნება, ქართულმა მხარემ უკვე თითქმის აითვისა თავისი 60%-იანი წილი, აფხაზურ მხარეს მართალია დარჩენილი 40% აღარ ჰყოფნის, მაგრამ იმპორტს უკვე თავად ახორციელებს და მასში თბილისი ფულს აღარ იხდის.

 


როგორც ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტა, აფხაზეთში 1 კვტ-ის ოფიციალური ღირებულება 40 კაპიკია (1.7 თეთრი). ომის ვეტერანები და პოლიციელები ასეთი მიზერული ტარიფისგანაც გათავისუფლებულები არიან, ისინი კი, ვისაც შეღავათი არ ეხებათ, აღურიცხავობის გამო ელექტროენერგიის საფასურს მაინც არ იხდიან.  

 


დავით მირცხულავას თქმით აღრიცხვიანობის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ლაპარაკი ხაჯიმბას (დე ფაქტო პრეზიდენტი 2014-2020 წლებში) დროიდან ისმის, მაგრამ დაპირებული „კომუნიზმის დასრულება ენეგეტიკაში“ ამ დრომდე ვერ იქნა მიღწეული. ისევ განახლდა ვარდნილჰესის აღდგენაზე საუბრები, რაც თბილისთან თანამშრომლობას აუცილებელს გახდის, რადგან ვარდნილჰესი ენგურჰესის კასკადის ნაწილია და ესეც რომ არა, გარანტირებული შესყიდვის გარეშე ინვესტორი ხელს არ მოკიდებს. იქამდე კი, სანამ რამე შეიცვლება, ენერგოკრიზისი სულ უფრო მწვავდება.

 


მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, მოხმარების ზრდის პარალელურად იზრდება გენერაციაც, თუმცა უფრო დაბალი ტემპით, რაც თავის მხრივ დეფიციტის მიზეზი ხდება. დიდი ჰესები არ შენდება, მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესებს პრობლემები ექმნებათ. მხოლოდ ხუდონჰესი რომ აშენებულიყო 1.5 მლრდ კვტ/სთ საკუთარი ენერგიის გარდა ენგურჰესის წლიური წარმადობა 470 მლნ კვტ/სთ-ით გაიზრდებოდა, რაც რეგიონის ენერგომომარაგების პრობლემას თუ ვერ მოხსნიდა, შეამცირებდა მაინც. ნენსკრა ჰესი, რომლის მშენებლობაც ადამიანთა გასახლებას არ ითვალისწინებს, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თარიღმა ოფიციალურად 2025 წელს გადაიწია, მაგრამ რეალურად როდის დასრულდება, არავინ იცის. ნამახვანის შემთხვევაში ინვესტორი გაიქცა. არ დაწყებულა არც ცხენის წყლის და არც ონის ჰესების კასკადების მშენებლობა.

 


ენერგოდეფიციტის მუდმივი ზრდა, საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე დამოკიდებულს ხდის. ენერგეტიკა რეგულირებადი სფეროა და მას თავისი ახსნა აქვს. რუსული ხორბლის გაძვირების შემდეგ, საქართველოში პური გაძვირდა, ფასი რომ უფრო მეტად მომატებულიყო, იმპორტიორები უკრაინაზე, ყაზახეთზე ან სულაც კანადაზე გადაერთვებოდნენ, ამ შემთხვევაში პურის ფასი დამატებით კიდევ გაიზრდებოდა, მაგრამ ქვეყანაში პური მაინც იქნებოდა. თეორიულად ბუნებრივი გაზის მსგავსად მესამე ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტიც შესაძლებელია, საქართველომ წელს 11 თვეში ტრანზიტული გზით 980 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაატარა, მაგრამ გენერაციის ობიექტიდან საბოლოო მომხმარებლამდე დიდი მანძილი დანაკარგებთან ერთად ფასსაც ზრდის, რაც შემდეგ სხვა პროდუქციის ფასებზეც აუცილებლად აისახება. მიმდინარე წელს ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენერგომატარებლების გაძვირება გახდა. პიკური მოთხოვნის პერიოდში კი შეიძლება ისეთი მომენტიც დადგეს, როდესაც გასაყიდი ელექტროენერგია მესამე ქვეყანასაც აღარ აღმოაჩნდეს.

 


ფსევდოპატრიოტული განწყობების გამოყენებით რომელი სახელმწიფოა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარების მოწინააღმდეგე, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

 


გავრცელებული მცდარი აზრის საპირისპიროდ დამოუკიდებლად მზისა და ქარის ელექტროსადგურები სარეზერვო სიმძლავრეების გარეშე ვერ აშენდება. სარეზერვო სიმძლავრედ კი შეიძლება მხოლოდ წყალსაცავიანი ჰესი ან თბოსადგური განვიხილოთ. თბოსადგურს კი საწვავად იმპორტირებული ბუნებრივი გაზი სჭირდება, რაც ქვეყანას მართალია პარტნიორ სახელმწიფოზე, მაგრამ მაინც სხვაზე ენერგოდამოკიდებულს ხდის. უახლოეს წლებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება და გენერაციის ახლი ობიექტების გარეშე ენერგოკრიზისმა აფხაზეთთან ერთად შეიძლება საქართველოს სხვა რეგიონებიც მოიცვას.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up