როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25 თებერვალი

როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25 თებერვალი

access_time2021-02-25 10:00:10

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან, რაც ფაქტობრივ ანექსიას ნიშნავდა, 100 წელი გავიდა. 25 თებერვალს უშუალოდ ოკუპაციის გარდა, რომელიც 70 წელს გაგრძელდა, ტერიტორიების დაკარგვა, კოლოსალური მსხვერპლი, იქამდე არნახული რეპრესიები და საკუთრების უფლების აბსოლუტური ხელყოფა მოჰყვა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც კი საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ რჩება, რაშიც თავის დიდი წვლილი საბჭოთა წარსულს მიუძღვის.


19ბ9 წლის 9 აპრილისგან განსხვავებით, 103 წლის წინ სოციალ-დემოკრატებს დამოუკიდებლობისთვის ბევრი არ უბრძოლიათ, ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ავტონომიასაც კი არ ანიჭებდნენ და დამოუკიდებლობის გამოცხადება, გერმანიის ზეწოლის შედეგად, გარკვეულწილად იძულებით მოუწიათ. ჟორდანიამ, რომელიც მოკლულ ილიას ხის ნაფოტს ადრიდა და რომელმაც თბილისი მაზნიაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ უბრძოლველად დატოვა, რამაც წინააღმდეგობას აზრი დაუკარგა 2 უმნიშვნელოვანესი საქმის გაკეთება მაინც მოასწრო: 1) არ მოუწერია ხელი კაპიტულაციაზე, რაც 70 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი გახდა; 2) დატოვა იმდროისათვის სუპერ დემოკრატიული კონსტიტუცია.


ისტორიაში ექსპერიმენტების ჩატარება შეუძლებელია. 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვით რა მოხდებოდა, 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის თავზე წითელი დროშა რომ არ აფრიალებულიყო. ამ ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად რუკაზე დახედვა, ქვეყნების შემოსავლების ნახვა და მათი წარსულის გახსენება შეგვიძლია. დაკვირვებათა ჯაჭვი კი ერთ ტენდენციას აუცილებლად გამოავლენს. ყველა ყოფილი საბჭოთა რესბუბლიკა, ბალტიის ქვეყნების გარდა ღარიბია, თავად ბალტიის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „განმანთავისუფლებელი არმია“ ჩადგა ბევრად უფრო მდიდარია ვიდრე საქართველო ან უკრაინა, მაგრამ სკანდინავიისა და ბენილუქსის ქვეყნებამდე მათაც ბევრი უკლიათ. საქართველოსგან განსხვავებით ბალტიის ქვეყნებმა ტყვეობაში 20 წლით ნაკლები გაატარეს რაც დღევანდელობაზე აისახა კიდეც.


რამდენი იყო საქართველოს მშპ 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ამჟამინდელი ფორმულირებით მთლიან შიდა პროდუქტს 1934 წლიდან ითვლიან. დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფოთა ნაწილმა მეცხრამეტე საუკუნის სურათიც აღადგინა, მაგრამ საქართველოში მსგავსი კვლევა არავის ჩატარებულა. მსოფლიო ომის შემდეგ, ესპანური გრიპის მძვინვარების პერიოდში, იმპერიის პროვინცია მდიდარი ვერ იქნებოდა, რასაც განადგურებას გადარჩენილი მწირი დოკუმენტაციაც ადასტურებს.


2.5 მლნ-იანი მოსახლეობის 80%-ზე მეტი სოფლად ცხოვრობდა და აგროსექტორის წილიც მთელს ეკონომიკაში ამჟამინდელზე ბევრად მაღალი იყო, იმიტომ არა, რომ აბსოლუტურ გამოხატულებაში მეტ ყურძენს, ხორბალს, კარტოფილს, რძეს ან ხორცს აწარმოებდა, იმიტომ რომ სხვა დარგები ინდუსტრია და მომსახურება თითქმის არ იყო განვითარებული.


1919-1920 წლების ბიუჯეტი 1.960 მლრდ მანეთს შეადგენდა. ხარჯების 27.4% - 538 მლნ მანეთი სამხედრო სამინისტროზე იყო გამოყოფილი, 21.3% - 417 მლნ გზათა სამინისტროზე. 1919 წელს ერთ გირვანქიანი (450 გრამი) პური 2.5 მანეთი ღირდა. პურის ფასის გათვალისწინებით, დღევანდელი 1 ლარი მაშინდელ 2.5-2.6 მანეთს უნდა უდრიდეს. შემდეგ ინფლაციამ კურსი უფრო შეასუსტა.


ჟორდანიას მთავრობა სოციალისტური იყო, თუმცა მას კერძო საკუთრების აკრძალვა არც უფიქრია. პარალელი შეიძლება დღევანდელ ჩინეთთან ან სკანდინავიის სახელმწიფოებთან გავავლოთ, იმ განსხვავებით, რომ ჩინეთისგან განსხვავებით მაშინდელი ქართული სახელმწიფო და თავად მთავრობაც ქვეყნის შიგნით ბევრად უფრო სუსტი იყო და სკანდინავიის ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრად უფრო ღარიბი.


როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა დღეს, რომ არ ყოფილიყო 1921-ის ოკუპაცია ან მას ოცი წლით მეორე მსოფლიო ომამდე გადაეწია? განსხვავება იმ ქვეყნებს შორის, თუ სად როდის შეაბიჯა „წითელმა გორილამ“ თვალში საცემია.




საქართველო 2-ჯერ, 2.8-ჯერ უფრო ღარიბია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაცია 20-25 წლით შეაჩერეს. 3.3-ჯერ, 5.7-ჯერ უფრო ღარიბი იმ ქვეყნებთან შედარებით რომლებმაც რუსული ჩექმა აიცილეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ფინეთი და ესტონეთი თანაბრად განვითარებული ქვეყნები იყვნენ. დღეს მართალია ესტონეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან პირველია, მაგრამ შემოსავლებით ფინეთს 32%-ით ჩამორჩება. 1939-1940 წლების ზამთრის ომში ფინეთმა შეუძლებელი შეძლო და მართალია ტერიტორიის 11% დაკარგა, მაგრამ დანარჩენი 89% შეინარჩუნა. შედარებისთვის საქართველომ გასაბჭოებიდან 2 წელიწადში ტერიტორიის 35.2% დაკარგა, მისი ფართობი 107 600 კვადრატული კილომეტრიდან 69 700 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა, საიდანაც თბილისის კონტროლი დღეს მხოლოდ 55 800-ზე ვრცელდება, რაც გასაბჭოებამდე არსებული ტერიტორიის ნახევრის (51.9%) ტოლია. გასაბჭოებამდე, საქართველოს ფართობი აზერბაიჯანისას აღემატებოდა. 1924-ისა და 1937-ის მსგავსი რეპრესიები ბალტიის სახელმწიფოებს გასაბჭოების შემდეგ დაატყდათ თავს, ფინეთმა ესეც აიცილა და არც მეორე მსოფლიო ომში დაუკარგავს მოსახლეობის 10%. ზამთრის ომში, სადაც ძალთა ბალანსი ერთი შეხედვით ათასი ტბის ქვეყანას გადარჩენის შანსს არ უტოვებდა, 300 000 ჯარიკაცი 760 000-ის წინააღმდეგ, 32 ტანკი 6540-ის პირისპირ, 114 თვითმფრინავი 3880-ის სანაცვლოდ... ომში 25 000 ფინელი ჯარისკაცი და 6-ჯერ მეტი 150 000 საბჭოთა სამხედრო დაიღუპა.


რა მოხდებოდა საქართველოსაც რომ ფინეთივით ეომა? პირველი მსოფლიო ომის შემდეგ 100 000-ზე მეტი ჯარიკაცი დაბრუნდა სამშობლოში, 21 წლის თებერვალში კი ჟორდანიამ მხოლოდ 35 000-ის მობილიზება შეძლო. თბილისი არ დაცემულა, მაზნიაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომელიც 3 წლით ადრე ბრძოლით ტუაფსემდე გავიდა. გადაწყვეტილება კვინიტაძემ მიიღო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სტალინი საქართველოდან იყო და თუ საქართველო საბჭოთა იმეპრიის შემადგენელი ნაწილი არ იქნებოდა, მას გაუჭირდებოდა მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, თებერვლის ბრძოლებში გამარჯვების შემთხვევაში ალბათ მოსკოვიდან დამატებითი ძალები გამოიგზავნებოდა. აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე გაწითლებული იყო, ტერიტორიულ პრეტენზიებს ახალგაზრდა რესპუბლიკას ოსმალეთის იმპერიაც უცხადებდა და რომ არა მაზნიაშვილი, რომელმაც მარტში თბილისის ოკუპაციის შემდეგ მოუგო თურქეთს ომი, დღეს აჭარაც აღარ იქნებოდა საქართველო. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ძნელი სათქმელია კიდევ რამდენ ხანს გაძლებდა თბილისი, მაგრამ იმის განხილვა თუ რა მოხდებოდა ალტერნატიულ ისტორიაში მაინც შესაძლებელია. განვითარებული სამყაროს წევრობის შესაძლებლობის ერთ-ერთ უმთავრეს მტკიცებულებას 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კოსნტიტუცია წარმოადგენს.


სიკვდილით დასჯის გაუქმება. 1921 წელს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. დღეს სასჯელის უმაღლესი ზომა ევროპაში ბელარუსშიღაა შემორჩენილი, მაგრამ სურათი 100 წლის წინ რადიკალურად განსხვავებული იყო. საფრანგეთში ბოლოს გილიოტინა 1977 წელს გამოიყენეს. ბრიტანეთში ბოლოს მსჯავრდებული სიკვდილით 1964 წელს დასაჯეს, 50-იან წლებამდე კი იმავე ქვეყანაში სასჯელს ერთ-ერთ ფორმას გაროზგვა წარმოადგენდა. სიკვდილით ბოლოს პატიმარი ფინეთსა და შვეიცარიაში 1944 წელს დასაჯეს, ნორვეგიაში 1948 წელს, ავსტრიასა და ბელგიაში 1950 წელს, ნიდერლანდებში 1952 წელს, ირლანდიაში 1954 წელს, საბერძნეთში 1972 წელს, ესპანეთში 1975 წელს. საბჭოთა რესპუბლიკებსა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში 90-იან წლებში. საგულისხმოა ისიც, რომ დასავლეთ ევროპაშიც კანონის დონეზე სიკვდილით დასჯა მხლოდ 80-იან, ზოგ შემთხვევაში 90-იან წლებში გაუქმდა და იქამდე უბრალოდ მორატორიუმი იყო გამოცხადებული. საქართველოში ის 1995 წლამდე გამოიყენობოდა, კანონს დონეზე კი 1997 წლის 11 ნოემბერს გაუქმდა.


ქალების ხმის უფლება. 2020 წელს პარლამენტმა ქალთა სავალდებულო კვოტირების შესახებ საკმაოდ საკამათო კანონი მიიღო. იძულებით ფორმას თავად ქალების დიდი ნაწილიც აპროტესტებდა, მომხრეები ქალების პოლიტიკაში ჩართის აუცილებლობით ხსნიდნენ. ყოველგვარი იძულების გარეშე საქართველოში ქალმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე მიიღო. 1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრების 130 წევრიდან 5 დეპუტატი ქალი იყო, მათ შორის ფარიხან მუსიევაც - პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალი მსოფლიოში. აშშ-ში ქალებმა ხმის უფლება 1920 წელს მოიპოვეს, ესპანეთსა და პორტუგალიაში 1931 წლიდან, საფრანგეთში 1944 წლიდან, იტალიასა და იაპონიაში 1945 წლიდან, კორეაში 1948 წლიდან.


პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნები. არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება განსაკუთრებით აქტუალური 2019 წლიდან გახდა, ზუსტად 100 წლით ადრე, 1919 წლის 14-17 თებერვლის დამუძნებელი კრების არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდა. 71 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ისევ გაიმართა მრავალპარტიული არჩევნების, სადაც „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველომ“ მოსახლეობის 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო და კომუნისტური პარტია დაამარცხა. გამსახურდია არჩევნების პროპორციული წესით გამართვას ითხოვდა, კომუნისტები სრულად მაჟორიტარული წესით გასვლას ცდილობდნენ, საბოლოოდ შერეულ მოდელზე შეთანხმდნენ.


სეკულარიზმი. 25 მლნ-ზე, საპატრიარქოსთვის ნაჩუქარ ჯიპებსა და აგარაკებზე სახელმწიფოს მიმართ კრიტიკა ყოველწლიურად იზრდება. 100 წლის წინანდელი სეკულარიზმის პრინციპებზე აგებული კონსტიტუციით მთავრობას სახელმწიფო ქონების ეკლესიისთვის გადაცემა ეკრძალებოდა.


მხოლოდ დემოკრატიით ეკონომიკა ვერ ვითარდება, მაგრამ მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად შანსები არსებობდა, თანაც საკმაოდ დიდი. საქართველოს უჭირდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უჭირდა ყველას. ფოთი ბაქოსთან რკინიგზით იყო დაკავშირებული, აზერბაიჯანი კი იმ დროისთვის ნავთობის მსოფლიო მოთხოვნის 50%-ს აკმაყოფილებდა. დღეს ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ საქართველო გადარჩებოდა ნავთობის უდიდეს ნაწილს ისევ მოსკოვი წაიღებდა, კავკასიის მთლიანად გადარჩენის შემთხვევაში ბაქოს ნავთობი საქართველოზე გამოივლიდა. როდესაც ყარსის ხელშეკრულებით რუსეთმა ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი თურქეთს დაუთმო, პრინციპული პოზიცია მხოლოდ აჭარაზე შეინარჩუნა, ამის მიზეზი ბათუმის პორტი იყო. ფოთის ბათუმისა და სოხუმის პორტები სარგებელს საბჭოთა რუსეთის გარდა დამოუკიდებელ საქართველოსაც მოუტანდა. თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობისთვისაც საქართველო უმოკლესი გზა იქნებოდა.


ტრანზიტის ფუნქციის გარდა მცირე ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. მთავარ საექსპორტო პროდუქტებს ღვინო, თამბაქო, მინერალური წყალი, მარგანეცი და სხვა სახის ნედლეული წარმოადგენდა. 


დამოუკიდებლობის მოკლევადიან პერიოდში საქართველომ მოასწრო და გამოუშვა დროებითი ფული - ბონი, ბონი მართალია უფასურდებოდა, ბოლოს საჭირო გახდა 5000 მანეთიანის გამოშვებაც (ბონი დროებითი ფულის ნიშანი იყო და მანეთად მოიხსენიებოდა) მაგრამ კუპონისგან განსხვავებით 1 მლნ-იანი მანეთი არ გამოსულა, ის ასევე ყველაზე მყარი იყო სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი სახელმწიფოს ვალუტებთან შედარებით. თუ ამიერკავკასიის ბონის კურსი ოქროს მანეთთან მიმართებაში 1919 წლის იანვრიდან ივლისამდე 550%-ით 6-დან 39-მდე გაუფასურდა, ქართული ბონის კურსი 40-დან 102-მდე დაეცა, ანუ 155%-ით. სწრაფი ვარდნა 1920 წლიდან დაიწყო და კურსი 1300-ს გაუტოლდა, 1921 წლის თბერვალში 2000-ს. 1920 წლის ვარდნა აზერბაიჯანისა და სომხეთის გასაბჭოებამ გამოიწვია, რამაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორები დაუკარგა. ამავე დროს ბათუმი ბრიტანულმა ჯარმა დატოვა, რასაც ქვეყნიდან ფუნტის გადინება მოჰყვა. ასეთ მძიმე პირობებშიც კი ბონი კუპონად არ ქცეულა და რომც ქცეულიყო არც ის იქნებოდ ამ ყველაფრის დასასრული. ჯერ ერთი ის მხოლოდ დროებითი ფული იყო, მეორეც ვალუტის ვარდნა და ჰიპერინფლაცია 10-იანი წლების მიწურულისა და 20-იანი წლების დასაწყისის მსოფლიოსთვის ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. 1923 წელს გერმანიაში პურის ფასი 200 მლრდ მარკას გაუტოლდა. 1 ტრლნ მარკა 1918 წლის 1 ოქროს მარკის კურსს გაუთანაბრდა.


საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მართალია საქართველო ღარიბი ქვეყანა იყო, ისევე როგორც სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ განვითარების დიდი პერსპექტივები გააჩნდა, რასაც 1921 წელს წერტილი დაესვა. 1937-ში მწერლებთან და პოეტებთან ერთად მეცნიერებიც და ინჟინრებიც დახვრიტეს. გიორგი ელიავა - მიკრობიოლოგი და ბაქტრიოლოგიური ინსტიტუტის დამაარსებელი;  ბესარიონ ჭიჭინაძე ზაჰესის დამპროექტებელი; ვლადიმერ ჯიქია რიონჰესის დამპროექტებელი;  შალვა ცინცაძე ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა მკვლევარად ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და აშშ-ს უნივერსიტეტებში; სოლომონ ქურდიანი-სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დენდროლოგი; ილია ჯანდიერი-ზოოტეკნიკის ფუძემდებელი საქართველოში; პეტრე მამრაძე-ინჟინერი, არქიტექტორი, ჰიდროტექნიკოსი; გრიგოლ წერეთელი-პაპილოგრაფიის ფუძემდებელი საქართველოში; იოსებ აბაკელია-ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტუბერკულიოზის შესახებ პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი... ეს ადამიანები დამოუკიდებელი საქართველოსთვის იმუშავებდნენ.


დახვრეტების ფონზე კოლექტივიზაციამ და კერძო საკუთრების ხელყოფამ თითქოს მეორე პლანზე გადაინაცვლა, სინამდვილეში მისი ექო დღემდე მოგვყვება. 360 ათას  სახნავ-სათეს მიწას ისევ სახელმწიფო ფლობს. მცირე მეურნეები ფერმერებად ვერ ყალიბდებიან. ადამიანებს კვლავ აქვთ განცდა, რომ სახელმწიფომ უნდა მოუაროს, შეინახოს, იზრუნოს, დაიცვას, ამავე დროს დაუშალოს, აუკრძალოს და დაავალდებულოს ყველაფერი რაც კი მოესურვება. ასეთი დამოკიდებულება განვითარების ტემპს აგდებს.


საბჭოთა მმარელობის დროს, დაიგო გზები, აშენდა ქარხნები, მაგრამ გზები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იგებოდა. თუ 1921-დან 1989 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 2.2-ჯერ 2.5 მლნ-დან 5.4 მლნ-მდე გაიზარდა, მსოფლიო მოსახლეობა შესაბამისად 2.5-ჯერ 2 მლრდ-დან 5 მლრდ-მდე გაიზარდა. ბევრი ისტორიკოსის და არა მხოლოდ ისტორიკოსის შეფასებით 1921 წლის 25 თებერვალი იყო ყველაზე ტრაგიკული დღეს სახელმწიფოებრიობის არსებობის 3000 წლოვან ისტორიაში. რთულია ზუსტად იმის თქმა თუ სად ვიქნებოდით, ან როგორ ვიქნებოდით რომ არა 25 თებერვალი, მაგრამ ერთი რამ მაინც ცხადია - რომ არა 25 თებერვალი დღეს საქართველო ტერიტორიულად უფრო დიდი, ეკონომიკურად უფრო ძლიერი და უფრო თავისუფალი იქნებოდა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ოკუპაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up