„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და გრძნობს „დისკომფორტს“,იმის გამო, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა:
„ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში უნდა მონაწილეობდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე თვითონ მაქვს ამასთან დაკავშირებით დისკომფორტი, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობს“.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 28 დეკემბრის სხდომაზე, საბოლოოდ კორექტირებულ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.
Radiotavisupleba.ge