ოცნების 5 პრემიერი და მათი ეკონომიკური გადაწყვეტილებები

ოცნების 5 პრემიერი და მათი ეკონომიკური გადაწყვეტილებები

access_time2021-02-24 10:00:29

        ქართული ოცნების ხელისუფლებამ მმართველობის 8 წელსა და 4 თვეში 5 პრემიერი გამოიცვალა. ამ დროის განმავლობაში ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი. გაუქმდა რეინვესტირებული მოგების გადასახადი, გაიზარდა აქციზი, გაუმჯობესდა საკუთრების უფლების დაცვა. დაწესდა ბევრი ახალი რეგულაცია. გადაწყვეტილების მიმღები პირების ქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგად ეკონომიკური ზრდის ტემპი პანდემიამდელ პერიოდში განახევრდა. პანდემიის დროს კი მინუსში გავიდა.


       1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან 22 წლის შემდეგ პირველად, 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. კუალიციას ივანიშვილის თაოსნობით ამომრჩეველთა 55%-მა დაუჭირა მხარი. პოლიტიკური დაპირებების გარდა, რაც ძირითადად ძალადობის შეწყვეტასა და სამართლიან სასამართლოს ითვალისწინებდა, უხვად იყო მემარცხენე მიმართულების ეკონომიკური დაპირებებიც: უფასო ფული, პენსიების ზრდა, სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები, კომუნალური ტარიფების განახევრება, საყოველთაო დაზღვევა და ა.შ. დაპირებების სრულად შესრულებისთვის ბიუჯეტის მყისიერად რამდენიმე მილიარდით გაზრდა იყო საჭირო. თავისუფლების აქტი კი კრძალავდა როგორც გადასახადების ზრდას, რეფერენდუმის გარეშე, ასევე ბიუჯეტის 3%-იანზე მაღალ დეფიციტს. გადასახადების ზრდას კონსტიტუციაც ზღუდავდა. ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გააჩნდა, შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, როცა უკვე მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა გადასახადები არ გაუზრდიათ მაგრამ შეზღუდვის პერიოდი მიღებიდან 2017 წლიდან, 12 წლით განსაზღვრეს. 2012 წლის ნოემბერში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განმარტა, რომ დაპირებების მხოლოდ მცირე ნაწილის შესრულება იყო რეალური, რადგან დიდი ნაწილის შესრულება ეკონომიკურ კატასტროფას გამოიწვევდა, 100%-ით შესრულება კი ფიზიკურად შეუძლებელი იყო.


      ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის სავარძელი საპარლამენტო არჩევნებიდან 3 კვირის შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაიკავა, 1 წლისა და 1 თვის შემდეგ 2013 წლის 20 ნოემბერს კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. მოკლე დროში მის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება შეფასდეს როგორც დაპირებების ნაწილობრივი შესრულება. ბუნებრივი გაზის ტარიფით განახევრების მაგივრად მხოლოდ 10%-ით შემცირდა. ელექტროენერგიის - 20-25 პროცენტით. ორივე დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა. ვაუჩერების დარიგებაც, რომელიც შინაარსობრივად სოციალური დახმარება იყო და არა აგროსექტორის მოდერნიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, შეწყდა. ერთადერთი რაც დღემდე, გარკვეული კორექტივებით მაგრამ მაინც გრძელდება საყოველთაო დაზღვევაა.


       საყოველთაო ჯანდაცვის 5 ლარიანი პაკეტი 2013 წლი თებერვლიდან ამოქმედდა, რომელიც იმავე წლის ივლიში 15 ლარიანი პაკეტით შეიცალა. 2017 წლის მაისიდან ქონების გადასახადის გადამხდელ პირებს, ადამიანებს, რომელთა დარიცხული წლიური შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს (ხელზე ასაღები 32 000 ლარი, თვეში 2667 ლარი) აღემატებოდა დაზღვევა მოეხსნათ. 2017 წელს ასეთი სულ 64 000 პირი იყო. მათ გარდა იმ ადამიანებს, რომელთა ხელფასიც თვეში 1000 ლარს აღემატება, დაფინანსება შეუმცირდათ და მათ გეგმიური ამბულატორიული მომსახურება აღარ უფინანსდებათ, გადაუდებელზე კი 10%-იანი თანამონაწილეობა უწევთ. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს გეგმიური ამბულატორიული მომსახურება ისევ 70%-ით, ხოლო გადაუდებელი 100%-ით უნაზღაურდებათ. პროგრამა მედიკამენტების ან სტომატოლოგიური მომსახურების თანადაფინანსებას არ ითვალისწინებს.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ბევრმა ისეთმა ადამიანმა ისარგებლა, რომელსაც არც საკმარისი შემოსავალი გააჩნდა, რომ თავად გაეღო მკურნალობის ხარჯები და არც რომელიმე სოციალურ თუ ასაკობრივ კატეგორიაში ხვდებოდა. ამის მიუხედავად, პროგრამას ბევრი ნაკლი აღმოაჩნდა, რომელთაგანაც უმთავრესი ხარჯების უკონტროლო ზრდაა. ყოველწლიურად იზრდება დაფინანსება, მაგრამ ასევე ყოველწლიურად საჭირო ხდება თანხის დამატება. გამონაკლისი მხოლოდ 2020 - პანდემიის წელი იყო. 2014-2020 წლებში პროგრამის ბიუჯეტი 300%-ით 200-დან 800 მლნ ლარამდე გაიზარდა. ხარჯების შემცირების მიზნით 2019 წელს ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ დადგენილება #520 მიიღო. დადგენილების მიხედვით პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ზღვრული ტარიფები დაუწესდათ, რამაც კლინიკების უკმაყოფილება გამოიწვია.


გადადგომამდე ივანიშვილმა მემკვიდრედ შინაგან საქმეთა მინისტრი 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ღარიბაშვილმა პოსტი 2013 წლის 20 ნოემბერს ჩაიბარა და 2015 წლის 23 დეკემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.


ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო $1 მლრდ-იანი ნენსკრა ჰესის მშენებლობა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია და დღეს დასრულების თარიღად 2025 წელი სახელდება. მისი პრემიერობის მეორე წელი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. რეგიონში გამწვავებული სიტუაციის შედეგად, რაც ძირითადად რუსეთის უკრაინაში შეჭრით იყო გამოწვეული, ეკონომიკური ზრდის ტემპი 3%-მდე შემცირდა, ლარი დოლართან მიმართებაში რეკორდულად 51 თეთრით გაუფასურდა, უფრო მეტით ვიდრე 2020 წელს. ასევე ღარიბაშვილის დროს შემუშავდა სტრატეგია 2020, რომელიც 2020 წლისთვის მისაღწევ მიზნებსა და მათ მისაღწევად საჭირო გზებს აჩვენებდა. მიზნების დიდი ნაწილი ვერ შესრულდა.


დოკუმენტში გაწერილი იყო, თუ რამდენი უნდა ყოფილიყო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, რამდენით უნდა გაზრდილიყო ექსპორტი, ელექტროენერგიის წარმოება, რამდენი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ვალი, უმუშევრობის დონე... ლამაზი სურვილების მიუხედავად, მიზნების მიღწევა თავიდანვე რთული ჩანდა და მისთვის საჭირო იყო მინიმუმ 7-8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ანუ ბოლო წლების საშუალოზე, არ იგულისხმება 2020, 2-ჯერ უფრო სწრაფი ზრდა.



ღარიბაშვილის მმართველობის დროს ხელი მოეწერა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, თუმცა მასზე მუშაობა წლების წინ იყო დაწყებული და მთლიანად იმჟამინდელი პრემიერის დამსახურება არ ყოფილა.


ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხდების საფუძველზე პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. 30 დეკემბერს პარლამენტმა ახალი მთავრობა, გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით დაამტკიცა, რომელიც იქამდე ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.


ოცნების ხელისუფლების პირობებში, პრემიერის პოსტი ყველაზე დიდხანს, 2.5 წლის განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილმა შეინარჩუნდა. მის დროს გაუქმდა რეინვესტირებული მოგების გადასახადი, ხელი მოეწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, დასრულდა ყარსი-ახალქალქის რკინიგზის მშენებლობა, გაიხსნა მეტროსადგური „უნივესტიტეტი“ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირველად 2017 წელს ლარი 5 თეთრი გამყარდა, 2018 წლის 13 ივნისამდე, მის გადადგომამდე კიდევ 13 თეთრით.


კვირიკაშვილს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო, 2016 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.9%-ზე შენარჩუნდა, 2017 წელს 4.8%-მდე გაიზარდა. 2018 წლის მეორე კვარტალში 6%-მდე. 2 კვარტალის ჯამში 5.7%-ით, მაისში 7.5%-იანი ზრდაც კი დაფიქსირდა. კვირიკაშვილი წასვლის შემდეგ მესამე კვარტალში ზრდის ტემპი 3.7%-მდე შემცირდა.


კვირიკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გადწყვეტილება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა იყო. 2017 წლის იანვრიდან რეინვესტირებულ მოგებაზე 15%-იანი გადასახადი განულდა. რეფორმამ ადგილობრივ ბიზნესმენებსა და უცხოელ ინვესტორებს მოგების განაწილების მაგივრად რეინვესტირების სტიმული გაუზარდა. თუ რეფორმამდე 216 წელს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილი 18.8%-ს შეადგენდა, 2017 წელს 31.2%-მდე გაიზარდა, 2018 წელს 33.2%-მდე, 2019 წელს 48.4%-მდე, 2020 წლის პირველ სამ კვარტალში კი 57.3%-მდე.


კვირიკაშვილის მეორე ასევე ძალიან წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მივიჩნიოთ. ევროკავშირისგან განსხვავებით ჩინეთთან მოლაპარაკებებში მოქმედი პრემიერის როლი უფრო დიდი იყო. ჩინეთი დღეს #2 ეკონომიკის ქვეყანაა და 2030 წლისთვის პირველ ადგილზე გადაინაცვლებს, რაც ფაქტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. 2020 წელს საერთო ექსპორტი 12%-ით შემცირდა - $456 მლნ-ით შემცირდა, ჩინეთთან კი 113%-ით - $253 მლნ-ით გაიზარდა. ჩინეთის გარეშე ვარდნა 19% იქნებოდა.


კვირიკაშვილი 2018 წლის 13 ივნისს გადადგა. გადადგომის ოფიციალურ მიზეზად Unicef-ის კვლევა დასახელდა, რომლის მიხედვითაც ბავშვთა სიღარიბე იყო გაზრდილი. ფაქტიურად ეს ნიშნავდა იმის მტკიცებას, რომ პრემიერი, რომლის დროსაც ეკონომიკურმა სიტუაციამ გაჯანსაღება დაიწყო, რაც აუცილებლად აისახებოდა შემდეგში სიღარიბის კლებაზე სიღარიბის გაზრდილი სტატისტიკის გამო გადააყენეს. ოფიციალური განცხადება არავის დაუჯერებია და მოგვიანებით ის თავად კვირიკაშვილმაც უარყო. კითხვაზე უკავშირდებოდა გახდა თუ არა ანაკლიის პორტი მორიგი პრემიერის მოხსნის მიზეზი პოლიტიკაში მოსულმა მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ მისი აზრით კვირიკაშვილის გადაყენების მიზეზი შეიძლება აშშ-ის ვიცე პრეზიდენთან მაიკ პენსთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები გამხდარიყო.


კვირიკაშვილის შემდეგ იყო მამუკა ბახტაძე, რომელიც ბევრს საუბრობდა სტრატეგიულ ჩარჩოზე, თუმცა  მისი ყველაზე დასამახსოვრებელი ქმდება სოციალური ქსელით გავრცელებული 18 გვერდიანი გადადგომის წერილი გახდა.


ბახტაძეს არ ეკუთვნის, მაგრამ მის დროს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა სავალდებულო საპენსიო დაზღვევა. 40 წლს გადაცილებულ პირებს 3 თვის განმავლობაში შეეძლოთ დაზღვევაზე უარის თქმა, ყველა დანარჩენზე რეფორმა ავტომატურად სავალდებულო წესით გავრცელდა. პრინციპით 2+2+2 ორ პროცენტი დასაქმებულს ეჭრება დარიცხული ხელფასიდან, ორ პროცენტს დამსაქმებელი ამატებს, კიდევ ორ პროცენტი ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხაა. 2020 წელს პროგრამისთვის 200 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2021 წლისთვის 220 მლნ.


იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი მენეჯერული უნარი ჰქონდა ბახტაძეს საკმარისია, თუნდაც 1 ფაქტის გახსენება. 2012 წლამდე რკინიგზის ტვირთბრუნვა იზრებოდა და 20.1 მლნ ტონას მიაღწია. 2013 წელს მის მმართველად ბახტაძე დაინიშნა. ყოველწლიური კლების შემდეგ 2018 წელს ბრუნვა 10 მლნ ტონამდე შემცირდა, 2019 წელს, ბახტაძის შემდგომი პერიოდის პირველსავე წელს ისევ ზრდა დაიწყო და 10.8 მლნ ტონას მიაღწია.


2019 წლის სექტემბრიდან მთავრობის ხელმძღვანელობა გიორგი გახარიამ გადაიბარა. პანდემიის დაწყებამდე გახარიას რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინიციატივა არ გაუჟღერებია. პანდემიის პერიოდში კი მკაცრი კოვიდრეგულაციების გზას დაადგა.


     აპრილში სრული კარანტინის შედეგად სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა ყველაფერი დაიკეტა, შეზღუდვები გავრცელდა ონლაინ შესყიდვებზეც. 10 დღის განმავლობაში გადაადგილება მსუბუქი ავტომობილითაც კი აკრძალული იყო. აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით, წლის განმავლობაში კი 6.1%-ით შემცირდა, რაც ბოლო 26 განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.


2021 წლის თებერვლიდან ღარიბაშვილი, რომელიც თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, პრემიერად ბრუნდება. დეტალური ეკონომიკური პროგრამა ღარიბაშვილს ჯერ არ წარუდგენია, თუმცა პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე მისი სავარაუდო ორიენტირი ცნობილი გახდა, როდესაც განაცხადა რომ მცირე სახელმწიფო მითია და უხილავი ხელი ბაზარს ვერ დაარეგულირებს, იმავე სხდომაზე პრემიერობის კანდიდანტმა ათწლიანი განვითარების გეგმის შემუშავება დააანონსა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up