4 თვის შემდეგ რესტორნებმა და კაფე-ბარებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს. დღეიდან, სოციალიზაციას მონატრებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ არა, თუმცა დღის განმავლობაში კვების ობიექტებს ესტუმრონ. „კომერსანტი“ დაინტერესდა მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, რა მოთხოვნების შესრულება მოუწევს სტუმართ-მასპინძლობის სექტორს და როგორ დაეხმარება უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფ ბიზნესის მიღებული გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ისევ კომენდანტის საათის მოქმედებს.
„მეგრული სახლის“ დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მუშაობას მხოლოდ ერთი, ვაკის ფილიალით გააგრძელებს. მისი თქმით, ცნობილი რესტორანი ათონელზე სტუმრებს არ მიიღებს. ახალი რეგულაციებით, „მეგრული სახლი“ ვაკეში შიდა სივრცეში 30 ადამიანს უმასპინძლებს, მიუხედავად იმისა, რომ კვების ობიექტს ტერსაც აქვს ეკა ჯალაღონია ამბობს, რომ მუშაობის განახლებას აზრი არ აქვს. კომპანია ახალა ბრენდის გადარჩენას და სტუმრების შენარჩუნებას ცდილობს.
„ახლა ობიექტს მხოლოდ იმიტომ ვხსნით, რომ ბრენდი, სტუმრები და თანამშრომლები შევინარჩუნოთ. ვინმეს ჰგონია, რომ ადამიანებს მთავრობის ჩარიცხული 200 ლარი ჰყოფნის? ამდენი წელია ჩვენი მომხმარებელი გვყავს ახლა, რომ არ დავიწყოთ მათი მიღება, შემდეგ ძალიან რთული იქნება ყველაფრის აღდგენა, შეიძლება ვთქვათ, რომ შეუძლებელიც. ვცდილობთ, ამდენი წლის ნაშენები ბიზნესი თავზე არ ჩამოგვენგრეს, ისედაც დანგრეულია ყველაფერი. თუმცა ვიცით, რომ გახსნას აზრი არ აქვს, რადგან 7 საათზე ობიექტი უნდა დავკეტოთ, მუშაობის უფლება შაბათ- კვირასაც არ გვეძლევა. მინიმუმ ერთი წელი არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ სრული დატვირთვით ვიმუშავებთ. მსოფლიო ვაქცინაციას ასრულებს, ჩვენ ისიც არ ვიცით როდის ვიწყებთ. არც ტურისტების კუთხით გვაქს დადებით მოლოდინები, ხალხიც შეშინებულია“, განაცხადა ეკა ჯალაღონიამ.
„მეგრული სახლი“ ვაკეში მუშაობას ძველი ფასებით აგრძელებს. რესტორნის დამფუძნებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ცვლილება მენიუზე მენეჯმენტმა არ ასახა. ძველი ფასებით გიმასპინძლებთ „წისქვილი ჯგუფიც“. მეგრული სახლისგან განსხვავებით მუშაობას ცნობილი ქსელის ყველა რესტორანი აგრძელებს. სარესტორნო კომპლექსში „კომერსანტს“ დეტალურად უყვებიან იმ მოთხოვნების შესახებ, რომელთა დაცვაც კვების ობიექტებს მოეთხოვებათ.
„შიდა სივრცეები, ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნება - იქნება მაგიდებს შორის დისტანცია, სტუმრების რაოდენობა კვადრატულობის მიხედვით არის განსაზღვრული. სტუმარი შემოსვლისას გაივლის თერმო სკრინინგს, პირბადეს მხოლოდ მაგიდასთან მოიხსნის, ხოლო სხვა ნებისმიერი გადაადგილების პროცესში სტუმარი ვალდებულია პირბადე ეკეთოს. გვაქვს როგორ ელექტრონული ასევე ერთჯერადი მენიუ. 100 კვ.მ. შესაძლებლობა გაქვს მხოლოდ 20 სტუმარი განვათავსოთ, ხოლო ერთ მაგიდასთან თუ შარშან 6 სტუმარს ვსვამდით,ახლა ეს რიცხვი 4 - მდე შემცირდა“, - განაცხადეს რესტორანში.
სტუმრებს ასევე ელოდება უდიდესი სარესტორნო კომპლექსი „m group“. კომპანიის ბიზნესის განვითარების მიმართულების დირექტორი ნანუკა მჟავანაძე აცხადებს, რომ გახსნისთვის ცნობილ სარესტორნო ქსელს დიდი სამზადისი ჰქონდა.
„სტუმრებს მ ჯგუფის ყველა ობიექტით ვუმასპინძლებთ, გარდა „უბანისა“, რესტორანი ცოტა მოგვიანებით გაიხსნება. გახსნისთვის დიდი სამზადისი გვქონდა. მოვამზადეთ განახლებული მენიუ, ვცდილობთ ღია სივრცეები ამ სეზონზე კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. რა თქმა უნდა ყველა სივრცე ადაპტირებულია ახალ, კოვიდ სტანდარტებთან. პრინციპული ცვლილება ფასებში არ არის, შეიძლება რაღაც კონკრეტული პროდუქცია გაძვირდა, მაგრამ ვეცადეთ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ძველი ფასები. გამომდინარე იქედან, რომ კარგი ლოკაციები გვაქვს გვაქს, ვთვლით რომ მაღალი დატვირთულობა გვექნება“, - განუცხადა კომერსანტს ნანუკა მჟავანაძემ.
ბაჩო ადამია