სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ პროვაიდერ კლინიკებს თბილისში ახალგახსნილი „ამერიკული კლინიკა თბილისი“ დაემატება. მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დასრულდება, ხოლო უკვე ნოემბრიდან ,,არდის“ დაზღვეულებს ახალი კლინიკის სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,კომერსანტს“ სადაზღვევო კომპანია ,,არდის“ სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორმა ეკა ერგემლიძემ აცნობა.
„ამერიკული კლინიკა თბილისთან“ თანამშრომლობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას, რის საფუძველზეც იგი ჩვენი ერთ-ერთი სამედიცინო პროვაიდერი გახდება. შესაბამისად, ,,არდის“ დაზღვეულები ახალ ჰოსპიტალში სერვისებს ისევე მიიღებენ, როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. უახლოეს პერიოდში მოლაპარაკება დასრულდება. დაზღვეულს შეეძლება მიმართვა წარადგინოს კლინიკაში, რომელიც ჩვენთან უკვე ელექტრონულია, ადგილზე გადაიხდის მხოლოდ თავისი თანაგადახდის საფასურს. კლინიკასთან როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ სერვისებზე ვითანამშრომლებთ“, - აცხადებს ეკა ერგემლიძე.
მისი ინფორმაციით, ,,არდის“ ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს სამედიცინო მომსახურება, ქვეყნის მასშტაბით, 300-მდე პროვაიდერ კლინიკაში მიიღონ, ხოლო პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების რაოდენობა 200-მდეა.
,,პრაქტიკულად საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებების 95%-თან ვთანამშრომლობთ. დაზღვეულს ასევე აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. უპირატესობა ჩვენი მოლაპარაკების დეტალებზეა დამოკიდებული“, - დასძენს ეკა ერგემლიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გასულ კვირაში გაიხსნა. პროექტის საერთო ღირებულება და შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
ინვესტიციის დიდი ნაწილი – დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.
ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, თუმცა იგეგმება მათი 700-მდე გაზრდა. გარდა ამისა, კლინიკა მოემსახურება არა მარტო ადგილობრივ პაციენტებს, არამედ მზად არის უცხო ქვეყნების მოქალაქეების მისაღებადაც.
მარი ჩიტაია