ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ შეწყვიტა ჩინეთის სამი საკომუნიკაციო კომპანიის, China Telecom-ის, China Mobile-ისა და China Unicom-ის (Hong Kong) დელისტინგი. ბირჟის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია აშშ-ის რეგულატორთან შემდგომი კონსულტაციების გასამართად. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.
ცნობა იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ დაიწყო ჩინეთის სამი ოპერატორის ფასიანი ქაღალდების გამორიცხვის პროცედურა, 1 იანვარს გახდა ცნობილი. აღნიშნავდნენ, რომ ეს გაკეთდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებასთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, 11 იანვრიდან იკრძალება ამერიკული ინვესტიციები ჩინეთის ფირმებში, რომლებსაც ჩინეთის სამხედროები აკონტროლებენ.
დელისტინგის შეწყვეტის შესახებ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ სამივე ჩინური კომპანიის აქციების ფასმა მოიმატა ჰონგ-კონგის ბირჟაზე.
მანამდე Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნის საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩინეთის სამ უმსხვილეს ნავთობკომპანიას - China National Offshore Oil Corporation-ს (CNOOC), PetroChina-სა და Sinopec-ს. პენტაგონის ცნობით, ამ კომპანიებთან კავშირი აქვთ ჩინელ სამხედროებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეკინი ეწინააღმდეგება აშშ-ის მთავრობის მიერ ვაჭრობის საკითხების პოლიტიზაციას და რომ ზომების მიღებას აპირებს ჩინეთის კომპანიების დასაცავად.
www.radiotavisupleba.ge