ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ ქალაქის ადმინისტრაცია კომპანია Trump Organization-თან ყველა კონტრაქტს წყვეტს.
„ქალაქი ნიუ-იორკი Trump Organization-თან ყველა კონტრაქტს წყვეტს. თუ კომპანია ან მისი მმართველები დანაშაულებრივ საქმიანობაში არიან ჩართულნი, უფლება გვაქვს, გავწყვიტოთ კონტრაქტი“, - აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა.
ბილ დე ბლაზიომ განმარტა, რომ ნიუ-იორკის ხელისუფლება დანაშაულებრივ საქმიანობად აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის წაქეზებას მიიჩნევს, რაშიც დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, კომპანია Trump Organization-ს ქალაქ ნიუ-იორკთან 17 მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტები აქვს გაფორმებული.
ვითარება ვაშინგტონში 6 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
imedinews.ge