ნიუ დელიში მეტროს მოძრაობა აღდგა. ინდოეთის დედაქალაქში მეტრო „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, ხუთი თვის წინ დაიკეტა.
„ბიბისი“ წერს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამდე ნიუ დელის მეტროთი დღეში 2,7 მილიონი მგზავრი სარგებლობდა. ახალი რეგულაციებით, მეტროში აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, ყველა მგზავრის ტემპერატურის შემოწმება.
მატარებლები გაჩერებებზე 10-20 წამით დიდხანს შეყოვნდებიან, რათა მგზავრებმა მატარებლის დატოვება სოციალური დისტანცირების დარღვევის გარეშე შეძლონ.
გახსნის პირველ ფაზაში მატარებლები დღეში მხოლოდ 8 საათი იმუშავებს, ოთხი დილის საათებში, ხოლო ოთხი საღამოს საათებში. ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 4,1 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანა ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
1tv.ge