სომხეთის პრემიერ-მინისტრმა წარადგინა სამოქმედო გეგმა, რომლითაც სომხეთის მთავრობა უახლოეს მომავალში იხელმძღვანელებს.
კერძოდ, ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში უნდა გაგრძელდეს და ყურადღება გამახვილდეს ყარაბაღის სტატუსსა და მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებაზე.
„მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებულ სახლებს, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახებმა სოციალური გარანტიები უნდა მიიღონ“, - აცხადებს ფაშინიანი.
მან ასევე ისაუბრა შეიარაღებული ძალების რეფორმირების აუცილებლობაზე, კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე, ეკონომიკის გააქტიურებაზე, დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრასა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე.
„ამ სამოქმედო გეგმის უმთავრესი მიზანია სომხეთის დემოკრატიული სტაბილურობის უზრუნველყოფა და იმის გარანტირება, რომ თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესს არაფერი ემუქრება“, - აცხადებს ფაშინიანი.
სამმხრივი შეთანხმება სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის 10 ნოემბერს შედგა. სომხეთის პრემიერი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას დათანხმდა. გარდა იმ ტერიტორიებისა, რომელიც აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიკავა, სომხეთმა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონებიც დათმო.
ამას სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციები მოყვა. სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდაუვალია, ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
imedinews.ge