სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ის ხელისუფლებაში.
„ომის შემდეგ გადადგომაზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადავდგი, რადგან პრემიერად ხალხმა ამირჩია. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დავრჩები თუ არა ხელისუფლებაში. მზად ვარ, ხალხის ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღო. არაფრის მეშინია. დღესაც კი მიტინგზე ოჯახთან ერთად მოვედი“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა ერევანში მიმდინარე აქციაზე.
ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ არმიის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა დაუშვებელია.
„არმია ხალხსა და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ემორჩილებოდეს. ჯარისკაცები და ოფიცრები თავიანთი საქმით უნდა დაკავდნენ - სომხეთის საზღვრების დაცვით. ეს ჩემი, როგორც ხალხის ხელისუფლების წარმომადგენლის ბრძანებაა. არავის აქვს უფლება, ეს ბრძანება დაარღვიოს“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას, მისი გადადგომის შესახებ, სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.
imedinews.ge