სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Nike ამერიკულ საავადმყოფოებს სპეციალურად მედიკოსებისთვის შექმნილ 30 000 წყვილ ფეხსაცმელს გადასცემს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ინფორმაციით, საუბარი ფეხსაცმლის ხაზ The Air Zoom Pulse-ზეა, რომელიც კომპანიამ ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში შექმნა. Nike-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს პირველი ფეხსაცმელია, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ათლეტისთვის, ყოველდღიური გმირისთვის შეიქმნა. ასევე, კომპანია ნიუ-იორკის და ლოს-ანჯელესის მედიკოსებს 95 ათას წყვილ წინდას გადასცემს.
Nike-ისგან საჩუქარს ევროპის კლინიკებიც მიიღებენ. კერძოდ, ბარსელონის, ბერლინის, ლონდონის, მილანის, პარიზის და ბელგიის საავადმყოფოებში კიდევ 2 500 წყვილი ფეხსაცმელი გაიგზავნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge