„ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ რეგულირების გავლენის შეფასებაზე (ე.წ. RIA) და ვიმკითხაოთ, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ არჩეულ გზას ან დავხარჯოთ ცოტა დრო და გარანტირებული შედეგი მივიღოთ,“ - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა ანალიტიკოსმა ნიკა ნანუაშვილმა რეგულირების გავლენის შეფასების თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ცვლილებების პროექტი, რომელიც ნორმატიული აქტების შესახებ ორგანულ კანონში უნდა შევიდეს, რის შედეგადაც კანონპროექტთა გარკვეული ნაწილის განხილვისთვის RIA-ს შეფასება სავალდებულო ხდება.
კანონის ძალაში შესვლა 2020 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მთავრობამ 2020 წლის პირველ იანვრამდე უნდა მიიღოს დადგენილება, სადაც გაწერილი იქნება თუ რა მეთოდოლოგიით უნდა გაკეთდეს RIA და განსაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებშიც ცვლილების შეტანის შემთხვევაშიც სავალდებულოა რეგულირების ზეგავლენის შეფასება. პარლამენტარების მიერ დაწერილ კანონ პროექტებზე, RIA-ს მომზადება სავალდებულო არ იქნება.
ნიკა ნანუაშვილის რეკომენდაციაა, რომ მნიშვნელოვანი კანონპროექტების მომზადებისას RIA-ს დართვა პარლამენტარების მიერ დაწერილი ან ინიცირებული კანონპროექტებისთვისას სავალდებულო იყოს.
ის მიიჩნევს, რომ RIA ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთავრობისთვის, ბიზნესისთვის ან რიგითი მოქალაქისთვის, არამედ - ქვეყნისთვის.
“რა არის RIA? ყველასთვის მარტივად გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, თითოეული ჩვენგანი ექიმთან ჩივილით ერთხელ მაინც ვყოფილვართ, ხოლო ის მხოლოდ კვლევის ჩატარების შემდეგ გვისვამს დიაგნოზს და იწყებს მკურნალობას. მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ ეს არის RIA. სანამ ჩვენ პრობლემის მოგვარებას ვიწყებთ, ჯერ მას ვსწავლობთ და მისი გადაწყვეტის გზებს მხოლოდ ამის შემდეგ ვეძებთ,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო RIA-ს შემოღებით იმ პრობლემების მოგვარებას შეძლებს, რის გადასაწყვეტადაც სხვადასხვა ნაბიჯს დგამს.
მისივე განმარტებით, თუ პროცესს ბიზნესის გადასახედიდან შევხედავთ, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს კანონი ვისი ინიცირებულია მთავრობის - თუ პარლამენტის, რადგან ბიზნესს შედეგი აინტერესებს.
„ბიზნესს კარგი და ეფექტური რეგულაცია აინტერესებს. ჩვენ თუ ეს დღეს არ გავაკეთეთ, მუდმივად ჩაკეტილ წრეზე სიარული მოგვიწევს. ამაში დროის დახარჯვა ღირს და მეტიც - აუცილებელია. ცუდი რეგულაცია ბევრად ძვირი ჯდება“, - აღნიშნა ნიკა ნანუაშვილმა.
წყარო:bmg