„ნებისმიერ ბაზარი, სადაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნიშნებია სააგენტოს შესწავლის საგანი იქნება“ - ინტერვიუ ირაკლი ლექვინაძესთან

„ნებისმიერ ბაზარი, სადაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნიშნებია სააგენტოს შესწავლის საგანი იქნება“ - ინტერვიუ ირაკლი ლექვინაძესთან

access_time2019-12-26 11:30:38

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელად მიმდინარე წლის ნოემბერში ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა. რა გამოწვევები დახვდა ახალ სამუშაო ასპარეზზე და როგორ მიმდინარეობს მოკვლევა პურ-პროდუქტების, ფარმაციის და სხვა ბაზრებზე, ამ თემებზე „კომერსანტთან“ ინტერვიუში ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. 


-კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებიდან, მხოლოდ ერთი თვე გავიდა, რა გამოწვევები დაგხვდათ თქვენს ახალ სამოქმედო ასპარეზზე?


-მიმართულება ჩემთვის ძალიან საინტერესოა. უწყება, თავიდან, ახალი კანონის საფუძველზე 2014 წელს შეიქმნა. კონკურენციის პოლიტიკაში და სამართალში, დაახლოებით, 10 წლიანი ვაკუუმი იყო, რამაც, ბუნებრივია, რიგ საკითხებზე, გავლენა მოახდინა. ყველა ქვეყანაში კონკურენციის სააგენტოს სიძლიერეს  კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც ადგენს მის უფლებამოსილებებს და ქეისების შედეგები, რომელიც წლების მანძილზე გროვდება, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან დადასტურებული გადაწყვეტილებები.


ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა წარმატებული მუშაობისთვის არის - ეფექტური და დახვეწილი კანონმდებლობა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი.


ევროკავშირის პროექტის - ,,საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა’’ მიერ მომზადდა და პარლამენტში დაინიცირებულია ახალი კანონი, რომლიც მნიშვნელოვნად აძლიერებს: სააგენტოს უფლებამოსილებებს ეკონომიკურ აგენტებთან მიმართებაში, განსაზღვრავს ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ურთიერთობის ფორმებს, ინფორმაციის მიღების ბერკეტებს და პროცედურებს, მხარეთა მეტი ჩართულობის შესაძლებლობებს, რომლითაც საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა იყოს სრულფასოვან ინფორმაციაზე დაფუძნებული.


გარდა ამისა, განხილვაშია 2 კანონპროექტი - ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ’’ და ,,ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ’’ ,რომლის აღსრულების ნაწილი სწორედ კონკურენციის სააგენტოს ეხება. მათი მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მოუხდება სტრუქტურის ცვლილება, მათ შორის, უნდა მოხდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება, რისთვისაც მზად ვართ. ევროკავშირის პროექტის და მათი ექსპერტების დახმარებით რიგი კონსულტაციები გავლილია. რაც შეეხება ანტიდემპინგურ კანონმდებლობას, მისი მიღების შემთხვევაში, იქნება რიგი გამოწვევები საკადრო რესურსთან და გარე ბაზრებზე ინფორმაციის მოკლევასთან დაკავშირებით, ასევე იქნება სამუშაო ჩასატარებელი დაინტერესებულ მხარეებთან, რომ დემპინგის არსი სწორად იქნას შეფასებული და გაგებული.


ასევე, დღეის მდგომარეობით, სააგენტოში 6 ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომელზედაც საზოგადოებას  ამომწურავი პასუხები სჭირდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რამდენიმე მათგანი, მინიმუმ სამი, რომელიც წლებია გრძელდება 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. გარკვეული რისკის მატარებელ ბაზრებზე მონიტორინგი არსებული გეგმის ფარგლებში გაგრძელდება, მათ შორის ფარმაციაზე. ზოგადად, მონიტორინგის პროცესში გარკვეული სირთულეებია. ეს გულისხმობს, რომ კანონმდებლობით კომპანია არ არის ვალდებული ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც ზოგჯერ, სრულყოფილი წარმოდგენის შექმნას ართულებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი აქტივობა, ასევე, მომავალ წელს, ეკონომიკურ აგენტებთან უფრო აქტიური კომუნიკაცია იქნება. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ პროცესი გაუმჯობესდეს.



ასევე სააგენტოს აქვს, ამ ეტაპზე, ერთი მოკვლევა, რომელიც 2020 წლის პირველ კვარტალში გახდება საჯარო. აქვე განვმარტავ, რომ ბაზრის მოკვლევა უფრო მაღალი სტანდარტის პროცესია, სადაც კანონმდებლობით აუცილებელია ინფორმაციის მოწოდება და დასრულების განსაზღვრული ვადები გააჩნია. შედეგის დადგომის შემდეგ განსაზღვრულია პასუხისმგებლობებიც - ჯარიმების და ან მდგომარეობის თავდაპირველი ფორმით აღდგენის მიმართულებით.


ასევე, სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო პროცესი. მინდა გითხრათ, რომ დეკემბერში დასრულდა ორი  მეორე ინსტაციის სასამართლოში. ორივე საქმე სააგენტოს სასარგებლოდ დასრულდა, რაც ნიშნავს რომ გადაწყვეტილებები და შეფასებები ჩვენს მიერ მაღალი სტანდარტით არის მიღებული.


ჩვენ უკვე გვაქვს შემდეგი წლის სამოქმედი გეგმა, სადაც ძალიან ბევრი აქტივობაა ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში, მთავარი იქნება კომუნიკაციის გაძლიერება და კონკურენციის პოლიტიკის შესახებ მეტი ინფორმირება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ბიზნესთან, სასწავლო პროცესები სააგენტოს თანამშრომლობისთვის და მეტი გამოცდილების გაზიარება. რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობთ, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევქმნათ სამიზნე ბაზრების მონიტორინგისთვის რისკების შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი მონიტორინგის პროცესი უნდა დაიწყოს.


სააგენტოში გვექნება მცირე სტრუქტურული გადაადგილებებიც არსებული საკადრო რესურსის უფრო ეფექტურად გამოყენების მიზნით. აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ევროპელ სპეციალისტებთან ყველა გადაწყვეტიულების და შეფასების მაღალ დონეზე ექსპერტიზის მიზნით.


-ბოლო დროს ბიზნესი ღიად და აქტიურად საუბრობს არსებულ პრობლემებზე და განსაკუთრებით ეს ეხება მონოპოლიასა და ოლიგოპოლიას. კონკურენციის სააგენტოსა და უშუალოდ თქვენი შეფასება ამ კუთხით როგორია? ეთანხმებით თუ არა ბიზნესის პოზიციას?


-ჩვენი ნებისმიერი განცხადება და გადაწყვეტილება რომელიც ბაზრის შეფასებას ეხება, უნდა იყოს მაღალი პასუხისმგებლობით და მაღალი სტანდარტით გაკეთებული. თუ რომელიმე ეკონომიკური აგენტი თვლის, რომ არსებობს რაიმე ისეთი ქმედება ბაზარზე რომელიც არღვევს კანონის შესაბამის მუხლებს, იზღუდება კონკურენცია ბაზარზე და მათ ადგება ზიანი, რა თქმა უნდა, მზად ვართ საკითხი შევისწავლოთ და შეფასებები შესაბამისად გაკეთდეს. სააგენტოს ყველა გადაწყვეტილება არის საჯარო და განთავსდება საიტზე. ამიტომ შეფასების გაკეთება საკითხის შესწავლის შემდეგ მიმაჩნია უფრო სწორად.


-კონკურენციის სააგენტო პურის ბაზრის მოკვლევას ახორციელებს. როგორც აცხადებდით, მიმდინარეობდა შესწავლა ხორბლის იმპორტის, ფქვილის წარმოებისა და პურის წარმოების კომპონენტში. რა სიახლეებია ამ საკითხის ირგვლივ, როდის დასრულდება ამ მიმართულებით კვლევა?


-2018 წლიდან კონკურენციის სააგენტოში მიმდინარეობს პურ-პროდუქტების მოკვლევა. მონიტორინგის დროს სააგენტო, კანონმდებლობის შესაბამისად, დროში არ არის შეზღუდული. თუმცა, ვთვლი, რომ მონიტორინგები დაუსრულებლად არ უნდა გრძელდებოდეს. მნიშვნელოვანი იქნება სურათის დანახვა 2019 წლის ჭრილშიც, რაც შეეხება პასუხებს, როგორც უკვე აღვნიშნე, მუშაობა აქტიურ ფაზაშია და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, პასუხები გაეცემა.


-პრემიერისგან ფარმაცევტული ბაზრის შესწავლის დავალება მიიღეთ. როდის გეგმავთ ამ პროცესის დაწყებას და რა ვადაში მოხდება მისი  დასრულება?


-ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო სახალხო დამცველის მიერ „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშში გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე. შემუშავდა ორ წლიანი სამუშაო გეგმა. შესაბამისად, პროცესი დაწყებულია და ფარმაცევტული ბაზრის მიმოხილვა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით მიმდინარეა. პრემიერ-მინისტრისგანაც მაქვს მითითება, რომ საკითხის სიღმისეული შესწავლა მოხდეს. ევროპული გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულია მეთოდოლოგია, განსაზღვრულია მოთხოვნადი მედიკამენეტების ჯგუფები, ბაზრის სხვადასხვა პარამეტრები, სტრუქტურა, და მახასიათებლები. არის გამოწვევა ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებითაც. ეს შუალედური ინფორმაცია დეკემბერში გავაცანით ეკონომიკურ აგენტებს, რადგან მათგან მიგვეღო შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე ამ მონიტორინგის ჭრილში საზოგადოებას ფარმაციის ახალი პლატფორმის პროექტის პრეზენტაცია წარვუდგინეთ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებული მეთოდია და რომლის დანერგვასაც ვფიქრობთ ჩვენს რეალობაშიც. პლატფორმა გულისხმობს - სად და რომელი მედიკამენტი შეიძლება შეიძინოს მომხმარებელმა გაცილებით დაბალ ფასად; როგორ მიიღოს ინფორმაცია მცირე აფთიაქებისა და გამოწერილი წამლის ჩამნაცვლებლის შესახებ; კომპანიების ჩართულობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი მექანიზმები, უპირატესობები და ა.შ. დონორებთან ვმუშაობთ აქტიურად და, იმედი გვაქვს, პლატფორმა მხარდაჭერილი იქნება.


-კონკურენციის სააგენტო რითეილ და სადისტრიბუციო ბაზრის მოკვლევას ახორციელებდა. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე აცხადებდა, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის დაწყებამდე უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციიდან, ისე რითეილ სექტორიდან. რა სიახლეებია ამ მიმართულებით?


-საქართველოს პარლამენტის ჩართულობით, ვმუშაობთ დისტრიბუტორთა ასოციაციასთან ერთად. ვეცნობით პოლონეთის და ლიეტუვას გამოცდილებას, სადაც ეს საკითხი კარგად არის დარეგულირებული და დაბალანსებული. აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია მეორე მხარესთან რითეილის სექტორთან, სფეროს სპეციალისტებთან და, იმედია, რიგ პრინციპებზე შეთანხმება მოხდება. ეს თემა შემდეგი წლის დღის წესრიგში გვაქვს.


-არაჯანსაღი კონკურენციის თვალსაზრისით პირადად თქვენთვის, როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარისთვის, რომელი სფეროებია გამოწვევების წინაშე?


-კონკურენცია არის მთავარი ბაზრის განვითარებისთვის, რისკები არის ყოველთვის იქ, სადაც არის დომინირებული მდგომარეობა ან კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებლები, თუმცა ესეც თავისთავად დარღგვევა არ არის. მთავარია არ მოხდეს ამ მდგომარეობის მომხმარებლის ან ბაზრის სხვა მონაწილეების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენება და ზიანი მიყენება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, განვითარება, ხელშემწყობი, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერ ბაზარი, სადაც არის კითხვები და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნიშნები, იქნება სააგენტოს შესწავლის საგანი და სამიზნე.


ნინო თამაზაშვილი






სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო
access_time2020-02-20 13:30:04
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა. ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო...

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს
access_time2020-02-20 14:02:05
დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-20 12:55:37
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის  1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი...

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები
access_time2020-02-20 13:00:37
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.   „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი,...

რას წერდა ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?

რას წერდა  ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?
access_time2020-02-20 12:23:19
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში  მოსვლა 2011 წლის 7 ოქტომბერს დაანონსა. ამის შემდეგ კი, 11 ოქტომბერს  მეორე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  ყოფილი პრემიერი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავდა.   „კომერსანტი“ წერილიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:   „მინდა მივმართო...


მსგავსი სიახლეები

up