აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პარასკევი დილიდან, დოლარის კურსის ვარდნის გამო, ნავთობის ფასი ზომიერად იზრდება.
Brent-ის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 9:05 საათისთვის 93,92 დოლარია ბარელზე, რაც წინა სესიის დახურვის ფასს 0,25 დოლარით (0,27%) აღემატება. ხუთშაბათს ვაჭრობის შედეგად ეს კონტრაქტები 1,02 დოლარით (1,1%) გაიზარდა და ბარელზე 93,67 აშშ დოლარი შეადგინა.
WTI ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი, ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე (NYMEX), ელექტრონულ ვაჭრობაში, ამ დროისთვის ბარელზე 86,72 დოლარია, რაც წინა სესიის ღირებულებაზე 0,25 დოლარით (0,29%) მეტია. ხუთშაბათს კონტრაქტი 0,64 დოლარით (0,8%) გაიზარდა და ბარელზე 86,47 აშშ დოლარი შეადგინა.
ICE-ს მიერ გამოთვლილი ინდექსი, რომელიც დოლარის დინამიკას აჩვენებს ექვს ვალუტასთან (ევრო, შვეიცარიული ფრანკი, იენი, კანადური დოლარი, ფუნტი სტერლინგი და შვედური კრონა), დაახლოებით 2%-ით დაეცა. აშშ-ში ინფლაციის მკვეთრი შენელებაა. სამომხმარებლო ფასები (CPI ინდექსით), გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, აშშ-ში ოქტომბერში 7,7%-ით გაიზარდა. ამრიგად, ინფლაცია იანვრიდან მინიმუმამდე შემცირდა და, ბაზრის პროგნოზთან შედარებით საგრძნობლად დაბალია.
„ჩინეთის პოლიტიკა კორონავირუსის მიმართ კვლავ გაურკვეველია. მეჩვენება, რომ როგორც კი ჩინეთის ეკონომიკის გახსნის ნიშნები გაჩნდება, ეს რადიკალურად შეცვლის დინამიკას და ნავთობის ფასს გაზრდის“, განაცხადა ფილ ფლინმა, Price Futures Group-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა