პანდემიის მიუხედავად საქართველოს ნატოსთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტერიალი იქნება. ჩვენ ნატოსთან გვაქვს არამარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური განზომილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.არსებითი პაკეტის განახლება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა.
„აქამდე გვქონდა თანამშრომლობის 15 სფერო, რაც 18 მდე გაიზრდება. საქართველო არის არამარტო ასპირანტი ქვეყანა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ნატოსთვის პრიორიტეტული საკითხია. ჩვენ აქტიურად ვმოქმედებთ და ვთანამშრომლობთ შავი ზღვის ქვეყნებთან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და შანსი. ახალ ხედვაში 2030 საქართველო არის ერთ-ერთი კომპონენტი მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა. დავით ზალკალიანმა წერილი გაუგზავნა ნატოს გენერალურ მდივანს და დაიწყო ინტენსიური მუშაობა. არცერთი პარტნიორი ქვეყანა არ იყო ისე დაინტერესებული, როგორც საქართველო. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ეს შევძელით. 2030 არის 10 წლიანი პერსპექტივით გადადგმული ნაბიჯი და ამიტომ ეს გვაძლევს დიდ შესაძლებლობებს. ჩვენ ასპირანტი ქვეყანა შეიძლება არც ვიყოთ, რადგან ჩვენ გაწევრიანების საფეხურზე უკვე ვართ. ამას ყველა აღიარებს. ვფიქრობ მომავალი ნატოს სამიტი იქნება ერთ-ერთი თუ გადამწყვეტი არა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციას წაიყვანს წინ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
imedinews.ge