ნათია თურნავა - წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტორების უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა

ნათია თურნავა - წინასაარჩევნო პერიოდში ინვესტორების უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა

access_time2016-10-13 12:30:56

 

 

"ბიზნესს მტკიცედ სწამს, რომ მთავრობა სტაბილურია, ჩვენი სტრატეგია სტაბილურია, ჩვენი ვალდებულებები, რომლებსაც საპარტნიორო ფონდი იღებს ბიზნესის წინაშე, აუცილებლად შესრულდება", – ეს განცხადება რადიო "კომერსანტის" გადაცემაში „კომერსანტის დროით" საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ გააკეთა. ამავე გადაცემაში მან ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. 

 

თქვენ მუდმივად გაქვთ ინვესტოებთან შეხება და ბუნებრივია, მათთვის სულ ერთი არ უნდა ყოფილიყო როგორ ჩაივლიდა 8 ოქტომბრის არჩევნები. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს საპარლამენტო არჩევნების შედეგები ინვესტორების განწყობაზე განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც დაწყებული აქვთ ან დაიწყონ დაგეგმილი პროექტები?

 

 

მინდა გითხრათ, რომ ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო და ასეთი პოზიტიური ენერგია საარჩევნო გარემოსა და ბიზნეს გარემოს შორის, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, არ მახსენდება. პრაქტიკულად, ბიზნეს საზოგადოებამ და ინვესტორებმა გაითავისეს ის აზრი, რომ საქართველოში ძირითადი სტრატეგია, რომელიც შეესაბამება ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, დემოკრატიზაციას, ღია ბაზრის პრინციპებს, რასაც ჩვენი მთავრობა წლების განმავლობაში ამკვიდრებს, არის შეუქცევადი პროცესი. აქედან გამომდინარე არ ყოფილა რაიმე შეფერხება, უფრო მეტსაც გეტყვით, ინვესტორების უპრეცედენტო აქტივობა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა. ეს არ იყო უბრალო დამთხვევა, ეს იყო ჩვენი და მთავრობის მუშაობის ერთიანი შეედეგი.


 

ბიზნესს მტკიცედ სწამს, რომ მთავრობა სტაბილურია, ჩვენი სტრატეგია სტაბილურია, ჩვენი ვალდებულებები, რომლებსაც საპარტნიორო ფონდი იღებს ბიზნესის წინაშე, აუცილებლად შესრულდება. უფრო მეტსაც გეტყვით, უპრეცედენტო ფაქტი იყო, როდესაც არჩევნებამდე 4-5 დღით ადრე საპარტნიორო ფონდის მხრიდან დიდი პროექტების ტრანზაქციების დახურვა მოხდა. მაგალითად, ჩვენ პირველად ჩვენი არსებობის ისტორიაში ხელი მოვაწერეთ ინვესტიციას, რომელიც არის არა რომელიმე კონკრეტულ პროექტში, არამედ საერთაშორისო რეგიონალურ ფონდში, „გაზელ ფაინენს" ვგულისხმობ. შედგა მრავალკომპონენტიანი გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ კანადაში დაფუძნებული ფონდი, ასევე რამდენიმე საერთაშორის ფონდი - ჰოლანდიის, აშშ-ს მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია „ოპიკი" და ჩვენ. ეს საკმაოდ რთული და მრავალკომპონენტიანი გარიგება შედგა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენი მთავრობის დამსახურება, რომ არანაირი ნეგატიური მოლოდინები არ შეიქმნა ბიზნეს გარემოში და პირიქით ეკონომიკა ჩვეულებრივი ტემპით აგრძელებს განვითარებას.

 

 

ახლა როგორი სურათი გვაქვს, ელოდებით კიდევ უფრო მეტ აქტიურობას?

 

 

დიახ, ასე იქნება, იმიტომ, რომ ბიზნესისთვის და განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოს სტაბილურობა, წინასწარ განჭვრეტა იმ შედეგების, თუ რა სიტუაცია ექნება ბიზნესს 2 წლის, 5-10 წლის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაჩნდეს რისკები, რომლებიც არ არის გათვლილი თავში. ამიტომ გარემოს და რეგულაციების, პოლიტიკის და ეკონომიკური-პოლიტიკის თანმიმდევრულობა არის მათთვის გადამწყვეტი. ჩვენ მთავრობის შიგნით გავაკეთეთ დეკლალირება, რომ შემდგომი განვითარება წარიმართება 4 პუნქტიანი გეგმის მიხედვით და სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძლებთ წინსვლას. სტაბილურობა და სიმშვიდე არის ის სამარკო ნიშანი, რაც საქართველომ წარმოაჩინა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ამბობს, რომ საქართველო არის მშვიდი ნავსაყუდელი ჩვენს რეგიონში თუნდაც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, სადაც მიუხედავად გარე ტურბულენციებისა, ინვესტორს თავისუფლად შეუძლია ჩადოს ფული.

 

 

თქვენ ახსენეთ უპრეცედენტო რაოდენობის ინვესტიციები და ინვესტორები, თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ, რა უპრეცედენტობაზეა საუბარი. ხელისუფლების ოპონენტები ძალიან ხშირად ამბობდნენ, რომ არ იდება ინვესტიცია, ეკონომიკა გაჩერებულია და ა.შ.

 


ამ კითხვას შემიძლია ორნაირად ვუპასუხო. ერთი საპარტნიორო ფონდის გადმოსახედიდან და მეორე - ზოგადად ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არაერთხელ ითქვა და არ არსებობს არანაირი ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ ციფრი არის ჯიუტი და ეს არის ოფიციალური სტატისტიკა. ბოლო 4 წელი არის უპრეცედენტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის თვალსაზრისით. ანუ მოყოლებული 2006 წლიდან ასეთი რეკორდული მაჩვენებლები ინვესტიციის რაც დაფიქსირდა 2014 წელს, არ ყოფილა.

 

ასევე უპრეცედენტოა ინვესტორების გეოგრაფიის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, იმიტომ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა, მაგალითად აშშ, რომელიც ყოველთვის ითვლეობდა და ითვლება ყველაზე ფრთხილ ინვესტორად გარეთ გასვლის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ ვხედავთ ამერიკულ კომპანიებს, მე ვახსენე იგივე „გაზელ ფაინენსი" ეს არის კერძო კომპანია ერთ-ერთი მონაწილე ამ ფონდის, რომელიც არის დარეგისტრირებული აშშ-ში და არიან ამერიკელი მენეჯერები, რომლებიც ამავდროულად დებენ ინვესიტიციას ამ ფონდში და მზად არიან, რომ მთელი ამ ფონდის 60% დაიხარჯოს საქართველოს მცირე ბიზნესზე. ესეც არის უპრეცედენტო შემთხვევა, მართალია არა პირდაპირი მექანიზმით, არამედ ფონდების გავლით, მაგრამ ალბათ, ასე უნდა ველოდოთ ამ მექანიზმებსაც ჩვენ აშშ-დან.

 



რაც შეეხება ფონდს, უპრეცედენტოდ გაიზარდა ჩვენი პორტფელი, მაგალითად. ჩვენ ბაზარზე ვარსებობთ 2011 წლიდან და ჩვენი პორტფელი დღეს შეადგენს 1,7 მლრდ-ს, ვგულისხმობ პროექტების ბიუჯეტის მთლიან ჯამს, რომელშიც ასევე კერძო კომპონენტიც მონაწილეობს, აქედან ჩვენი პირდაპირი დანახარჯი არ აღემატება 300 მილიონს, ეს ნიშნავს, რომ მცირე დანახარჯით ჩვენ ვიზიდავთ მეტ ინვესტიციას. თითო ჩადებული ჩვენი დოლარი ხუთ კერძო ინვესტიციას გვაძლევს. ეს შესაძლებელი გახდა სწორედ ამ სტაბილურ, პროგრესირებად და მზარდ გარემოში.


 

მინდა ერთ-ერთი ბიზნესმენის კითხვა დაგისვათ - მე როგორც ერთ კონკრეტულ ბიზნესმენს, რომელსაც ხელი არ მიმიწვდება მსხვილ ფულზე, რაში შეიძლება გამომადგეს საპარტნიორო ფონდი?


საპარტნიორო ფონდი არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, მაგრამ რაოდენ წინააღმდეეგობრივადაც არ უნდა ჟღერდეს, იგი შეიქმნა არა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინვესტიცია გაიზარდოს, არამედ პირიქით, ხელი შეეწყოს კერძო ინვესტიციებს. ამას ჩვენ ვაკეთებთ შემდეგნაირად - ჩვენი დაფინანსება, ეს არის დამატებითი სტიმული, როდესაც ინვესტორს სურს, რომ ჩადოს თავისი კერძო ფინანსები რომელიმე კონკრეტულ დარგში იმის გამო, რომ სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ვიღაცა ჩვენთან ინვესტიციას შესაძლოა იხილავდეს უფრო სარისკოდ და მათთვის რთული იყოს დამატებითი დამფინანსებლის მოძიება. ინვესტიცია როგორც წესი გულისხმობს არა მხოლოდ საკუთარ კაპიტალს, არამედ დავუშვათ ბანკების მონაწილეობას, სხვა პარტნიორების მონაწილეობას და ასეთ დროს საპარტნიორო ფონდი სთავაზობს პარტნიორობას. ჩვენი პარტნიორობა გამოიხატება ფინანსებში, მაგრამ ეს არ არის ჩამნაცვლებელი კერძო ბიზნესის, ეს არის დამხმარე ფუნქციის მატარებელი პარტნიორობა. ჩვენ შევდივართ კაპიტალში არა უმეტეს 49%-ისა და რაც ნაკლებით შევალთ და რაც მეტ კერძოს კაპიტალს მოვიზიდავთ, მით უკეთესი ჩვენთვის. გვაქვს პროექტები, რომლებშიც მხოლოდ 10%-ით ვართ წარმოდგენილები.

 

 

უცხოელ ინვესტორებს ჩვენი მონაწილეობა აძლევთ ფსიქოლოგიურ კომფორტს, მაგალითად ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე მაინც სახელმწიფო კომპონენტი მონაწილეობდეს, უფრო ფსიქოლოგიურად კომფორტულად გრძნობენ თავს ისეთ ბაზრებზე, სადაც რეგულაციები არის მაღალი. შესაძლოა, ინვესტორს თანხა აკლდებოდეს საბანკო მხარდაჭერისთვის, რომლებიც რთულად იძლევიან სესხებს, რადგან ისინი თვლიან რისკებს. რაღაც შეფარდება კაპიტალსა და სესხს შორის უნდა იყოს დაცული, თუ ამ შეფარდებაში თანხა აკლდება ბიზნესმენს, ჩვენ შემოვდივართ, ამით პროექტს ვხდით მიმზიდველს ბანკებისთვის, განსაკუთრებით ეს ეხება პროექტებს, რომლებიც ნულიდან იწყება, რადგან ბანკები ერიდებიან ასეთი პროექტების დაფინანსებას.

 


ახლა ის, თუ როგორ ვარჩევთ პროექტებს - პროექტი აუცილებლად უნდა იყოს კომერციულად შეკრული და მომგებიანი, იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ინვესტიცია, ეს არ არის გრანტი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვახსოვს, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ინსტიტუცია, ამიტომ მაინცდამაინც მოგების მაქსიმიზაციის ამოცანას არ ვეძებთ. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ის უნდა ქმნიდეს გარკვეულ დადებით ფაქტოეებს ჩვენს ეკონომიკაში.

 


საუბარი იყო საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე, ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ განვითარების კორპორაციად შეიძლებოდა გადაკეთებულიყო. საპარტნიორო ფონდი დღეს არსებული მიმართულებით აგრძელებს მუშაობას თუ იგეგმება გარკვეულწილად რეფორმირება?

 


საპარტნიორო ფონდი არის ცოცხალი ორგანიზმი, ეს არ არის განყენებული ინსტიტუცია. ჩვენ ვიმართებით სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და საბჭოს 2/3 წარმოდგენილია ჩვენი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებით და მისი თავმჯდომარე არის საქართველოს პრემიერი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ ვიარსებებთ განყენებულად, ჩვენი მიღწევები არ არის მხოლოდ ჩვენი, არამედ ისაა მთავრობის მთელი ეკონომიკური გუნდის. გამომდინარე აქედან, როგორც კი ჩამოყალიბდა მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა, საპარტნიორო ფონდი, როგორც ერთ-ერთი იარაღი სტრატეგიის განხორციელების, გადაეწო იმგვარად, რომ ემსახუროს ამ სამთავრობო კონცეფციას. 4 პუნქტიანი გეგმა რომ ავიღოთ, პირველი მიმართულებაა ეკონომიკური რეფორმა, მანდ არის „სტარტ აპების" დაფინანსების და ხელშეწყობის მიმართულება, რასაც საპარტნიორო ფონდმა აუწყო ფეხი ამას და შევქმენით ცალკე ორგანიზმის „სტარტ აპ" საქართველო, რომელსაც ვავითარებთ ეკონომიკის სამინისტროსადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად. მეორე მიმართულება ამავე პუნქტში არის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ჩვენი პორტფელის 1/3 არის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება...

 


მე მინდა გითხრათ იმ პროექტების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც ახორციელებს საპარტნიორო ფონდი, ეს არის სასტუმრო „რედისონი" წინანდალი, ნესკრესის ჰიდროელექტროსადგური, სასტუმრო „ბესტ ვესტერნი"-ქუთაისში, სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა, სადაც უნდა ჩაიდოს 85 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ჰიდროელექტროსადგური მდინარე ლუხუმზე, მდინარე კასლეთზე, სასტუმრო „როიალ ბატონი" და ა.შ. ამ გრძელი ჩამონათვალიდან, როგორ ფიქრობთ, რეალურად რა სარგებელს იღებს სახელმწიფო და რა სარგებელს იღებს ბიზნესი?

 


სახელმწიფო აქედან ცალსახად იღებს ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ საკმაოდ მსხხვილი კონტრიბუცია შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდაში, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი. დასაქმება - არ დაგვიჯამებია სხვათაშორის და საინტერესო სტატისტიკა იქნებოდა, რამდენი ადამიანი დასაქმდა ამ პროექტებში. საკმაოდ მაღალი ციფრი იქნება დრწმუნებული ვარ, თუნდაც ერთი ნესკრესის პროექტი რომ ავიღოთ. მხოლოდ აქ დასაქმებულია 1000 ადამიანი.


ნესკრეს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, გაამართლებს ეს პროექტი?

 


ჩვენ იმისთვის, რომ პასუხი გაგვეცა ყველა მოწინააღმდეგისთვის, უფრო ხშირად იყო სამართლიანი კითხვები და ამიტომ ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო სპეციალისტები.

 

იღებთ პასუხისმგებლობას, რომ გარემოს დაცვის კუთხით ეს პროექტი სახიფათო არ იქნება?

 


ჩვენ როგორც საპარტნიორო ფონდმა, ეს პასუხისმგებლობა სრულად ავაღებინეთ ინვესტორს და მაქსიმალურად ეცდება, რომ არ მოახდინოს ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე. უნდა ვთქვათ, რომ სიკეთე, რომელიც ამ პროექტს მოაქვს, არის გაცილებით მეტი, ვიდრე ის თეორიული ზიანი, რომელიც მას შეეძლო მიეყენებინა გარემოსთვის. ეს სიკეთე არის ის, რომ ზამთავრში, როდესაც ჩვენი ენერგეტიკა არის დეფიციტური და გვიწევს ძვირადღირებული იმპორტი რუსეთიდან, ეს 30%-ით მაინც იქნება ჩანაცვლებული ამ ჰიდროელექტროსადგურის მეშვეობით. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება, ჩვენი არსებული ჰიდროსადგურები არ ყოფნის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას და თუ მთავრობამ ასეთი რთულად განსახორციელებელი, მაგრამ აუცლებელი პროექტები არ წაახალისა, ჩვენ შესაძლოა, რამდენიმე წელში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ.

 

ბიზნესს სჭირდება თუ არა საპარტნიორო ფონდთან მოსასვლელად ე.წ. „კრიშა"?

 


ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურაად გამჭირვალეები და მარტივად საკონტაქტოები ვიყოთ ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის. თუ გადახედავთ ჩვენს პორტფელს, რა თქმა უნდა, თვალში მოგხვდებათ მსხვილი ინვესტიციები, მაგრამ მათ შორის არის ძალიან ბევრი მცირე პროექტი. „სტარტ აპების" ფარგლებში ახლა ჩვენ პრაქტიკულად მიკრო-ბიზნესს ვახალისებთ და ამითაც ჩანს, რომ ე.წ. „კრიშა" ჩვენთან მოსასვლელად არავის არ სჭირდება.

 


„სტარტ აპის" პროექტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი არსებობდა, გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ელოდებიან დაფინანსებას. თუმცა არის კითხვა უნდა ველოდოთ თუ არა ამ პროექტის გაგრძლებას, რადგან როცა ის დაიწყო, ყველა ამბობდა, რომ ეს იყო საარჩევნო პროექტი.

 


ეს არანაირად არ არის კამპანიური პროექტი, ამ პროექტს საჭიროებს ჩვენი ეკონომიკა, რადგან ჩვენ ნამდვილად გვაკლდა ინოვაციური ტიპის ინვესტორები, ამიტომ ეს წამოწყება გაგრძელდება წლების მანძილზე. ჩვენ მოვასწარით ერთი შერჩევა, თქვენ იცით, რომ ჯამში 50 პროექტზე მეტი იქნა დაჯილდოებული, მათი დაფინანსება ნაწილობრივ დაწყებულია და ეს ახლა იწყება, რადგან ჩვენ მათთან ვაფორმებთ ხელშეკრულებებს. ამ წლის ბოლომდე ჩვენ ჩავატარებთ კიდევ ერთ კონკურსს, მე ვიცი, რომ თავიდან გარკვეული უნდობლობა და მოლოდინები იყო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენმა პირველმა კონკურსმა გააქარწყლა ეს უარყოფითი მოლოდინი. იმისთვის, რომ მომავალი მონაწილეები უფრო მომზადებულები იყვნენ, ორშაბათს ჩვენ ვიწყებთ ტრენინგებს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება ტექნო პარკში.

 


პროქტის გამარჯვებულები გვყავს, მაგრამ მონიტორინგი თუ მიდის? ასევე, როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ ჩადებული ინვესტიცია გაამართლებს?

 


ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რადგან ძალიან სერიოზულად მივუდექით პროექტების განხილვას და შემდეგ მათ გაცხრილვას, 700-მდე აპლიკანტი იყო და ჩვენ დავედით 56 პროექტამდე. მე იმედი მაქვს, რომ აპლიკაციების დონე და ხარისხი გაიზრდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი „სტარტ აპის" დაფინანსებას ახლავს გარკვეული რისკი, ამიტომ ჩვენ ვუშვებთ, რომ ამ პროექტების ნაწილი ვერ იქნება წარმატებული, მაგრამ ძირითად ნაწილში მაინც ველოდებით წარმატებას და ამის გარანტია არის ის, რომ ჩვენ ამ პროექტებს არ ვტოვებთ ჩვენი თანხებით მარტო ბაზარზე, ჩვენ მუდმივად გავყვებით მათ, როგორც მონიტორინგით, ასევე დახმარებით. (ტრენინგები, საკონსულტაციო დახმარება) ბიზნესისთვის არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ დააფინანსო, უნდა გამოზარდო ეს ბიზნესები.

 


სახელმწიფო აპირებდა რაჭის ტურისტული განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. თქვენც მონაწილებთ ამ მიმართულებაში. რა პერიოდში უნდა ველოდოთ და რა მიმართულებით იქნებით წარმოდგენილები?

 


ზოგადად, საპარტნიორო ფონდი, როგორც სახელმწიფო ფონდი, ბევრს ვაკეთებთ სხვადასხვა პოტენციური ტურისტული რეგიონების პოტენციალის წარმოსაჩენად. ჩვენ დავაფინანსეთ კვლევა და მასტერგეგმა წყალტუბოსთვის და ამან გარკვეული ბიძგი მისცა იქ ინვესტიციების ჩადებას. ამასთან, ჩვეენ თბილისის მერიასა და ეკონომიკის სამინინისტროსთან ერთად დავაფინანსეთ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევა, რომელიც ასევე არის ღია და ხელმისაწვდომი. ახლა ჩვენ იგივეს ვაკეთებთ რაჭასთან მიმართებაში. შაორის, შოვის და უწერის მიმართულებით იქნება ფოკუსირებული შემდეგი კვლევა და ახლა ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიხილავთ შესაძლებლობებს, რომ პირველად კვლევას უკვე დავაშენოთ უფრო სერიოზული დოკუმენტი, მასტერგეგმა, რომელიც უფრო კონკრეტულ პერსპექტივებს შესთავაზებს ინვესტორებს. რაკი ჩვენ ამაში ვმონაწილეობთ, ნიშნავს, რომ თუკი ინვესტორი გამოჩნდება, მაშინ თანადაფინანსებაშიც მივიღებთ მონაწილეობას.

 

 

რადიო "კომერსანტი"



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up